Translate

четверг, 19 января 2023 г.

ტანგო - ალქიმიური მანევრით... (მელოდრამული სვლებით...)

 

ტანგო -

ალქიმიური მანევრით...  (მელოდრამული  სვლებით...)

 

მოქმედი პირნი

 მატა. ხალისიანი, ოთხმოც წელს მიტანებული, გემოვნებით შემოსილი, მოხდენილი ქალბატონი

ნორა. სკოლის დარაჯი; ორმოცი წლის, თითქოსდა ჩაგუბებული გამომეტყველების შინაბერა. მაგრამ, შიგადაშიგ ემოციებიც აიტაცებს...

ათანასე. მორჩილის კაბით შემოსილი, ჯანსაღი აღნაგობის ვაჟი; სინამდვილეში ალალე

ნუკა. თავად არ ჩანს; ხმა კარს მიღმიდან ისმის

იმავე მხრიდან _ქართული ცეკვის წრეზე მოვარჯიშე ბავშვების,  მშობელთა (მეტწილად ქალების)ხმებიც...

 

*

ოთხმოცდაათიანი წლების საქართველო...

 

სურათი პირველი

 მკრათალად განათებული სკოლის შესასვლელი,  ფოიეს, შენობის მეორე მხარეს მდებარე ბუფეტთან, გვირაბის მაგვარი დერეფანი  აკავშირებს, თუმც, იმჟამად დერეფნის ბოლო, ფართო რკინის  კარითაა ჩაკეტილი. მისი სარკმლიდანგამოჟონილკედელებზე მოლიცლიცე შუქზე,   შიგადაშიგ, შვილების მომლოდინე  მშობლების სილუეტები ილანდაება. უმეტესად  ჯინსის შარვლებში გამოტკეცილი ქალები არიან...

ფოიეს შემოსასვლელთან მდგომი მაგიდა და სავარძელს მიმსგავსებული სკამი. კედელზე დიდი ზომის საათია მიმაგრებული, რომლის ციფერბლატი, თითქოსდა გამომწვევადიმზირება“.

ნორა. კი, მინიმუმ, ერთი საათი მაქვს წასაძინებლად, სანამ ცეკვა-პროჭინიდან გამოვარდნილი გასტრალიორები გარეთ  გამოცვივდებიან...  რაც მთავარია, აქეთა მხარეს, ვერ გამოაღწევენ... გვირაბის ბოლო, დღეის განრიგის მიხედვით, დირექციის მითითებით, რკინის კარითაა ჩარაზული... /სკამზე ჩამოჯდება, მაგიდაზე თავს დადებს, თავისთავს იავნანას უმღერის... თითქოს, ჩეძინება, მაგრამ, უცებ დაფეთებული წამოხტება და კედელს შეუყვირებს/ ჰიტლერ კაპუტ! ჰიტლერ კაპუტ! კაპუტი! კაპუტი! კაპუტი! /კედელს დაჟინებით ათვალიერებს/ ბიჭოს, რას ამეკიდნენ, ეს ფრიცები, რა ჯანდაბას მეჩურჩულებიან, ამათი ხვეწნა მაკლდა ზუსტად... სანათესა ში  გერმანელი არვინ მყავდა  , დაიცა, დედაჩემი მიყვებოდა, რაღაცას / უცებ, თითქოს გონს მოეგება/ დაეშვი ნორა, დაეშვი, დაეშვი... ეს რომ დრექციამ გაიგოს, სამსახურს დაკარგავ... სუსის დავერიასაც... თავს მოისრისავს/ იმ ბოზის ჩარტყმული, ასე უპრაგონოდ მახსენებს თავს... ეს სკოლა, რომ გერმანელი ტყვეების აშენებულია, ქე გამიგია... მაგრამ, მაშინ რა ტექნიკა იყო ასეთი, რომ მაგათი ხრიწინი ჩემთვის შემოინახა... /მოულოდნელად გვირაბის მსგავსი დერეფნის ბოლოდან, გნიასის მაგვარი ხმა შემოიჭრება გარეთ კი ქარი ამოვარდება, წვიმაც წამოვა, ფანჯარას დაბნეული უცნაურად ბუმბულშეფერადებული ჩიტის ბარტყი შეამოასკდება.

მატა. უჰ, საცოდავი!!! /ელეგანტურად ჩაცმული ხანდაზმული ქალი კიბის საფეხურზე გამოჩდება, ბარტყს აიყვანს და სულის ბერვას დაუწყებს. მერე კარზე დააკაკუნებს.../ გააღეთ, გააღეთ!..

ნორა. რად ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ კვირაობით, ამ მხრიდან შემოსვლა აკრძალულია...

მატა. გვიშველეეთ!!! ნახეთ გული, როგორ უძგერს!

ნორა. /გაუაზრებლად/ სასტიკად აკრძალულია!!!

მატა. მოკვდება, ბარტყია, თქვენ რა, გული, არ გააქვთ?!

ნორა. გულიც მაქვს და ფილტვებიც... აქ, რა სასწარაფო დახმარებაა?!

მატა. რა, სადიზმია, ქართველი ხომ ხარ?!

ნორა. ქართველი ვარ, აბა ვინ უნდა, ვინ უნდა ვიყო?! /კედელს შემცბარი გახედა, მერე მატას იჭვნეულად შეათვალიერებს/

მატა. /ღიმილით/ ჰოდა, არ მგონია ამ ბარტყის სიკვდილის ყურება გსიამოვნებდეს...

ნორა. /აფორიაქდება/ ნეტა, რაზე  ჩამიკრა სიტყვა. ფაშისტი ხომ არ ხარო არ უთქვამს, მაგრამ... მოგზავნილი, ხომ არაა?! /დაბნეული, კარზე  ურდულის ახსნას  დაიწყებს/ რაღაც ამბავია ჩემს თავს...

მატა. ფოიეში შემოდის. მაგიდაზე მდგომ გრაფინიდან, წყალს ჭიქაში ჩამოასხმას და ბარტყს ნისკარტს, შიგ ჩააყოფინებს. ბარტყი მოცოცხლდება, მატა ჭიქიდან, თავადაც მოსვმს წყალს...

ნორა. მოვსულიერდით ხომ, ახლა მშვიდობით, არასასწავლო პროცესში, ფოიეში, უცხო პირის გაჩერება სასტიკად აკრძალულია!

მატა. რა უცხო პირი მე ვარ, ჩემო კარგო, შვილები ამ სკოლაში დავზარდე, და ახლა შვილიშვილებს დავატარებ ცეკვაზე... ამბობენ, ამ საღამოს, ერთი სამი საათი, მაინც უნდა ივარჯიშონ... თურქეთში, საგასტროლოდ ემზადებიან და...

ნორა. რა ნახეს ნეტა ამ თურქეთში, ქვეყანა ევროპისკენ მიიწევს და...

მატა. მეც მაგას ვამბობ, თავიდან, სტუდიის ხელმძღვანელმა ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას შემოვივლიოთო...

ნორა. ასე იციან, ამ აფერისტებმა, მშობლებიდან ფულები, რომ მობოჭონ... ჩემი და, შარშანწინ ბოლომდე გაღლიტეს...

მატა. მეც შემზადება დავიწყე, გერმანიაში ჩემი წინაპრების შთამოავლებს მოვძებნი, დავურეკავ და ბავშვებს მოინახულებენ მეთქი...

ნორა. /გერმანიის გაგონებაზე, კედლისკენ გაექცევა მზერა.../ გერმანელი ხააარ?! /ჩაძიებით შეათვალიერებს.../

მატა. /ღიმილით?/ არ ვგავარ, თუ რა?!

ნორა. /ორჭოფულად/ისე, ფრონცქად, ქე გაცვია...

მატა. სხვანაირად არ შემიძლია, მაგრამ, ეს უფრო დედიდან მომდევს /ბარტყს კოცნის/ მშვენივრად კერავდა...

ნორა. /საეჭვო  ხმაურს მიუყურადებს. მატას/ რა ვქნა, ძაანაც მომწონხართ, მაგრამ უნდა წახვიდეთ...

მატა. მე კარგი, მაგრამ ამ ბარტყს, როგორ გაწირავ, გარეთ თავსხმაა, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ამ  წკვარამში, ძაღლი არ გაიგდება გარეთ...

ნორა. დირექტორი, რომ მოვიდეს, სამუშაოს დავკარგავ...

მატა. /დამაჯერებლად/  არ მოვა. ვიცი მე მაგის განრიგი, ჩემს მეზობლად ცხოვრობს... კვირა დღეს, მთელი ოჯახით ქალაქგარეთ, მონასტერში, საკვირაო წირვას ესწრება... მერე იტრაპეზებს, მერე თავის მოძღვართან საქვეყნო საქმეებს მიმოჩხრიკავს, ცხვარ-ძროხის და ყველ-კარაქის ბიზნესში აქვს წილი...

ნორა. ახლოს გცნობია...

მატა. კი, ჩემს სიძესთან ძმაკაცობდა, მაშინ, ასე თაგადაკლული მორწმუნე, ნამდვილად არ იყო, კომსომოლობდა კიდეც... ასეთ ამინდში, მე და ჩემი ბარტყი გარეთ, რომ გაგვაგდო, მოსანანიებელი შეემატება... სკამი გექნება სადმე გადანახული, მოფარებულში, უშუქო ადგილას დავჯდები...

ნორა. ცუდი ქალი, ნამდვილად, არ ჩანხარ... ერთი, ორი საათი შეგიფარებ, ოღონდ, დიექტორთან მაინც არ წამოგცდეს...  შეიძლება, შენთან, კი იღიმება, მაგრამ, ჩვენთან ძაან მკაცრია... /ბნელი ადგილიდან სკამს გამოუტანს და მკრთალად განათებულ ადგილას დადგამს/ დაბრძანდით!

მატა. ღმერთმა გაგახაროს, ცოტას ჩავთლიმავ... და ბავშვებიც მორჩებიან წვალებას...

ნორა. /თითქოსდა, თავისდა მოულოდნელად/ გერმანულ სიზმრებს თუ ნახულობ?

მატა. საიდან, მე აქ დავიბადე, ქართული სკოლა მაქვს დამთავრებული...

გვირაბის მაგვარ დერეფნიდან უცაბედად გნიასის ხმა შემოიჭრება.

ნორა. ჯიში გაწყდა მაგათი, ალბათ, კარის ფორტოჩკა გამოამტვრიეს!../გვირაბის მაგვარ დერეფანში შევარდება. საიდანაც მისი გაავებული ყვირილის ხმა გამოდის/

მატა. /ბარტყს, კაბის გულისპირზე შემოვლებულ თხელი ბეწვისუბეშიჩაისვამს./ არ შეშინდე, ჩემო კარგო... გაუზრდელი ხალხია... /“მობილურსმოიხელთებს და ჩართავს / ახლა, ჩემს მუსიკებს მოგასმენინებ, იმედია, მოგეწონება... /გაისმის ტანგოს მელოდია; ბარტყი გამოფხიზლდება. უბიდან ამოვა და შეიფრთხიალებს/ მოგეწონა პატარავ, შენ ჩემიანი ყოფილხარ...  /წაიმღერებს/ ტანგო, ტანგო,  ცეცხლოვანი მზერა, მესროლე ლაზოდ.../გამოჩდება უკან მობრუნებული ნორა, გაბრაზებულს, ბუფეტთან თავშეყრილი მშობლების გამოლანძღვა უნდა, მაგრამ უნებლით, თვალს მოკრავს მატა, რომ ბარტს ელეპარაკება და ყურს მიუგდებს/  პატარობიდან ვგიჟდებოდი ტანგოზე, მაგრამ  ბებიაჩემი ფირსაკრავზე ფირფიტის დადებას მიშლიდა, მერე მამაჩემსაც გადაედო, ასეთი მუსიკა შენთვის ნაადრევია, უშნოდ აგშლისო... ფირფიტა ბიძაჩემის სახსოვარი იყო, ომში დაჭრილს გერმანიიდან ჰქონდა ჩამოტანილი... მისი ხათრით, სათუთად ინახავდა.., საშუალოს, რომ ვამთავრებდი, თავსუაფალი ცეკვაზე მინდოდა შევსულიყავი, მაგრამ მამაჩემმა თავი გაიგიჟა, მერე, ისეთი ჩაჭრილ-ამოჭრილი კაბების ჩაცმას დაიწყებ, სირცხვილით გარეთ თავს ვერ გამოვყოფო...

ნორა. მაგათ დაედო შენი ცოდვა, არადა, როგორ მოგიხდებოდა, ისეთი შთამბეჭდავი ქალი ხარ...

მატა. /შეცბება/ ისმენდი...

ნორა. მთელი ცხოვრება მაგ საქმით ვიყავი დაკავებული... მეც მკაცრად მზრდიდნენ, რამდენი რამე დავკარგე, გაუთხოვარიც დავრჩი... ქართულ ცეკვაზე  ქე მატარებდნენ, მგრამ, მშობლები, მაშინ,ბიზნესეზე კი არ იყვნენ, ასე მოპირულები, ახლა, უმეტესობას იმიტომ შემოყავს, რომ მათი ჭკუით, ადვილად ისწავლება და იქნებ ჩემს ბავშვს გაუმართლოს და გასტროლებით მსოფლიო მოიაროსო, იმას კა არ ფიქრობებენ, სუხიშვილებში მოსახვედრად...

მატა. მართალი ხარ... ტანგო მე, მარტო როგორც ცეკვა კი არა, არამედ, როგორც აზროვნება, ისე მიზიდავდა... /შეკრთება/ არ გაგიკვირდეს, თავისუფლების ლაღად გამოხატვაა... მოუსმინე... /“მობილურიდან ტანგოს მელოდიის მორიგი ვარიაცია დაიღვრება. ბარტყი აფრინდება და თავისებურად შეითამაშებს/ რა საყვარელია, მართლაც ჩემიანია... /მატა, თავის ხანდაზმულობის მიუხედავად უცებ წამოხტება და ბარტყს შეეცეკვება. ბარტყი მეტისმეტად  გალაღდება, ფრენის სწავლას უცნაურად იწყებს. ნორაც ვერ გაუძლებს ცდუნებას და ტანგოს სვლებს წამოიწყებს... მოულოდნელად სინათლე გაითიშება.

ნორა. თქვენ ჩაგიბნელდათ, ისედაც ჩაბნელებული განათლება...

მატა. /სიბნელეში/ არ შეშინდე, პატარავ...

ნორა. მთავარია, გვირაბში არ შეფრინდეს... ამ ახალგაზრდა მშობლების ლაქლაქს, რომ მოუსმინოს, ჩიტობა დაავიწდება... /მატას/ ფრთხილად, სკამთან მისვლაში ეხმარება/შენ, რა ყოჩაღი ყოფილხარ...

მატა. ოთხმოცი მისრულდება... და ჩემმა ქალიშვილმა, ახლა დურთა თავი  აშეშესი, გოგოები, მე დამიტოვა მოსავლელად...

ნორა. ღმერთმა დიდხანს გამყოფოს, მე ორმოცდაათისაც არ ვარ და, სიცოცხლე სანახევროდ არ მიხარია.

მატა. უნდა გიხაროდეს, მე ოპტიმისტურ ნოტებზე ვარ აწყობილი, თუმც, ყოფის ვერაგობამ, არც მე დამინდო... მაგრამ, ხშირად მახსენდება, ერთი პოეტის ლექსი... /ბარტყს/ ერთხელაც, შენც, ასე აჭიკჭიკდები გულაჩუყებული წამოიწყებს:


ბებერი ჩიტი ჩიტია მაინც,
მაინც ჩიტურად შეჰხარის დილას,
ჩიტურად ლაღობს, ჩიტურად დახტის
და სიმს უჟღერებს მალულად ნიავს...

ბებერი ჩიტი გულსავსედ გალობს,
აღვიძებს თითქოს პირველ გალობას,
ფრთებდახატული ჩიტუნა ანცობს,
ჟღურტულით იღებს ციურ ნათლობას...

ბებერი ჩიტი ვერ გრძნობს სიბერეს,
და ვერც სხვა ამჩნევს მის დაბერებას,
მაგრამ გალობას ხშირად ანელებს,
და ძილში ხვდება მორიგ თენებას...

ნორა. ჰო, ზუსტად ბეჯით ხანდაზმულებზეა ზედგამოჭრილი... ავტორი ვინაა?

მატა. არ მახსოვს, რადიოში მოვისმინე...

ნორა. შენც რადიოგადაცემების მოყვარული ხაარ?!

მატა. /სიცილით/ გამაქვს და გამომაქვს იქაურობა... ხშირად ვრეკავ და საზოგადოებას ჩემს აზრებს ვუზიარებ! ისე მოსწონთ, ხშირად, აქეთ მირეკავენ, ქალბატონო მატა, თქვენ მოსაზრებას ხომ არ შეგვაშველებთო...

ნორა. /თავისთვის/ იმიტომაც ვართ ამ განავალში... /მატას/ მე კი, არ გამომდის, ეს მოჩვენებითი ურთიერთობა... /თავისთვს/ თუმცა, არც ნატურალურ გამომდიოდა...

მატა. მომებარე და გასწავლი...

სადღაც, ზემოთ, როგორც ჩანს  ცეკვის სტუდიასთან დვიჟოკს ჩართავენ...

ბარტყი მოუსვენრად დაიწყებს აქეთ-იქით ფრენას. ხან ერთ კედელს აწყდება, ხან მეორეს. მატა და ნორა ჩუმი შეძახილებით მის დამშვიდებას ცდილობენ, მერე მის დაჭერას მოიდომებენ. იქმნება კომიკური სიტუაცები.

ნორა. /მატაზე/ ბებერი ჩიტი უძახე შენ...

ბარტყი, მკრთალად განათებულ გვირაბის მაგვარ დერეფანში შეფრინდება... ქალები მიჰყვებიან.

ნორა. მე მგონი წყალს ეძებს... აგერ ხელსაბანთან მივასწავლი/ “გვირაბში“, ერთგან, წყალს მოუშვებს/.

მატა. დამშვიდი პატარა, დამშვიდდი...

ნორა. მაინც, რა ჯიშის ჩიტია?!

მატა.  გულყვითელას ჰგავს, მაგრამ ძაან უცნაურად იქცევა...

მოულოდნელად შემოსასვლელ კარზე დააკაკუნებენ... მერე ვიღაც ფანრით შემოანათებს... ჩიტი აფრთხიალდება...

ათანასე. გეყოფათ  ტანცაობა...

მატამობილურსგამორთავს, ნორაც მკრთალად განათებულ ადგილას გადავა და მატას მიანიშნებს. ხმა არ გავცეთო.

ბარტყი, გვირაბში სამალავს მიაგნებს და გაიტრუნება.

ნორა. /მატას/  წამო, წამო, თვალს მივეფაროთ...ვიღაც ოხერი კარს ამტვრებს, რომ არავის დაიგულებს წავა...

მატა. აჰ, მაგათი ლაქლაქის მოსმენა მომბეზრდა...

ნორა. წამო, წამო, წამო, კარი ისე მაქვს ჩარაზული, ვერც ვერავინ დაგვინახავს...

მატა და ნორა ბარტყის პოვნაც ცდილობენ.

ქალის გამომწვევი ხმა. რა ვიცი, რობერტა, კიდევ ფულის დამატებას ითხოვს... რა გახდა, ეს ერთი კვირა, თანაც მგონი, სტამბოლში, არც უნდა შეიარონ...

სხვა ქალის ხმა. სსუ, არ გაიგოს, თორემ გინებას დაიწყებს...

პირველი ხმა. თქვენ გეუბნებით...

მეორე  ხმა. ხომ გაგიგია კედლებსაც ყურები აქვსო... დაბალ ხმაზე ილაპარაკეთ...

ნორა. /შეცბება/ მაგას ვამბობ მეც... /კედელზე ყურს მიადებს/ ისევ მეჩურჩულებიან, ერთს, მაინც რა საცოდავი ხმა აქვს... ერთ ამას უნდა ვკითხო /მატას/ აბა, კედელს მიადე ყური.

მატა. რა ხდება?!

ნორა. მაინტერესებს რამეს თუ გაიგებ...

მატა. არ მაინტერესებს, მაგათი ბჟუტური...

ნორა. მე, სხვა რამეზე გეუბნები, მიადე, მიადე!..

მატა. / ყურს  ქვის კედელს მიადებს, მიუყურადებს.../  გასაოცარი, რაღაც თავისებურ სითბოს ვგრძნობ...

ნორა. ვიცოდი, ჩურჩული გესმის?

მატა. გარკვევით არა, მაგრამ, ვიღაც კაცს, თითქოს ხმის მოწვდენა უნდა...

ნორა. მესმის თავისიანი იცნო, მაგრამ, მე რას გადამეკიდა, ვერვის ვერ ვიხსენებ, ჩემს გვარში... მაგრამ დედის მხრიდან, რომელიღაც პაპის პაპა მგონი... ციმბირიდან იყო გამოქცეული, სვანეთში იმალებოდა, რაღაც უცნაური გვარი ჰქონდა...

მატა. /ნორას/ რა ხდება, რაზე ლაპარაკობ?!

ნორა.  თუ გაგიგია, რომ ეს შენობა გერმანელი ტყვეების აშენებულია?

მატა. კი, გამიგია, ბიძაჩემი პეტრე უწევდა, თურმე ზედამხედველობას... როგორც ვიცი ტყვეებს შეძლებისდამაგვარად ეხმარებოდა, კიდეც, ეს დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი... პირადად მას, მე არ მოვსწრებივარ...

ნორა. გადაასახლეს თუ პირდაპირ დახვრიტეს?

მატა. როგორ გეკადრება, სტალინი ებოდიშებოდა ვალი დაგიგვიანე, ბერიასთან მიდი და ის დაგიბრუნებსო...

ნორა. რას ამბობ, აბა დიდ თანამდებობებზე იქნებოდა ნამუშევარი...

მატა. არა, მოკრძალებული კაცი ყოფილა, მაგრამ გავლენები კი, დიდი ჰქონია, მისი ძმა მიხაილს, ერთ დროს, სახალხო კომისრის თანამდებობა ეჭირა, მერე...

ნორა. შენ, ვინ ყოფილხარ?!

მატა. ჰო, იოლ თანმდებობებზე, ცეკავშირის განხრით მეც მიმუშავია... უმეტესად, ხალხს ვეხმარებოდი... მთავრობაც,  პატივს მცემდა...

ნორა. აბა რა იქნებოდა, ბიძაშენ პეტიას, სტალინი თუ ებოდიშებოდა, ვალის დაბრუნება დაგიგვიანეო...

მატა. კი, პეტრე, საინტერესო, კაცი იყო, თავისუფალი გერმანიის ეროვნული კომიტეტის ჩამოყალიბებაშიც იღებდა მონაწილეობას, მაგრამ არ დაცალდა, ფილტვების ანათებით გარდაიცვალა.

ნორა. /თავისთვის/ აბა რა, ლავრენტი ვალის დაბრუნებას შეარჩენდა...

უცებ, კარს იქითა მხარეს წივილ-კივილი ატყდება. ბარტყი შეშინდება და სამალავიდან ჟღურტულით გამოფრინდება.

ქალის მწივანა ხმა. შე ბოზო, შენისთვის ვერ მოგივლია და ჩემს, რას ამფხან, მაგ გასიებულ ტრაკს!

მოპასუხე ქალი. შენ რა, გინდა შენი დალეული კაცი შემტენო?!

ქალის მწივანა ხმა. დაგლევ მე შენ, მისი ინსტრუმენტის სურათები, რომ ჩანთით დაგაქვს და...

მოპასუხე ქალი. გიჟი ხარ, ჩემი ჩანთა, როდის გაჩხრიკე...

მოჟღურტულე ჩიტი მატას. უბეზე შეაფრინდება და გაყუჩდება.

მატა. /გაიხარებს/ დამშვიდდი პატარავ, შენს თავს, არვის დავაჩაგრინვებ...

 კარის მიღმიდან მშობლების ერთიანი შეძახილი გაისმის:

-დაგვლოცე მამაო!

ათანასე. ღმერთმა დაგლოცოთ! აქ, სადმე სკოლის დარაჯი ხომ არ გინახავთ... გზავნილი უნდა გადავცე!

რომელიღაც მშობელი. ჩვენთან ურთიერთობას არ კადრულობს. ნაბრძანები აქვს, იქითა მხარეს არ გაგვიშვას, მთელი იმხელა დარბაზი ცარიელია, ჩვენ კი, აგერ ამ ბუფეტის მისასვლელთან ვართ მიგლესილები... მამაო, მთავარ შესასვლელიდან თუ გააგონებთ...

ათანასე.  ვცადე, მაგრამ...

ნორა. /აწრიალდება/ ნამდვილად მონასტრიდანაა...  /მატას/  წამოდი, წამოდი, ეგენი, ისეთ რამეებს აკადრებენ ერთმანეთს... /ფოიესკენ გაუჩქარებს/...

ნუკა. /არ ჩანს/ ალალე, ეს, შენ ხარ?! ხდება შენს თავს... ვერ მიცანი, ნუკა ვარ, შენი ყოფილი მეწყვილე...

ათანასე. ჰო,ნუკა, ისევ ცეკვავ?

ნუკა. არა, რას ამბობ, საცეკვაოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე... ბიჭს დავატარებ... რაღაცეები, კი, გავიგე შენზე, ლიკასთან გაცილების მერე, ცხოვრებაზე გული აიცრუაო, მაგრამ, ასე ჩაცმულს და წვერმოშვებულს თუ გნახავდი არ მეგონა... მღვდლობაზე ჩააბარე თუ რა...

ათანასე. ღმერთმა დაგლოცოს, უნდა წავიდე, ადრესატს გზავნილი უნდა ჩავაბარო.

ნუკა. არ გრცხვენია, დაივიწყე როგორ ახლოს ვიყავით?! დაიცა ერთი წუთით, აგერ კარებთან მივდგეთ, რაღაც უნდა გითხრა... /როგორც ჩანს კარის მეორე მხარეს გამოცალკევდებიან./ კოცნა ხომ შეიძლება... თუ ბერისთვის...

ათანასე. მორჩილი ვარ, ისე, სათნო კოცნას, არც ბერად აღკვეცილს უშლის ღმერთი...

ნუკა. ლიკამ, ამას წინათ ფეისბუკზე, ვიდეო დადო, ვიღაც მაჩოს ტანგოს ეცეკვება, რომ იცოდე, უკანალს, ისე მარიფათიანად ჭმუჭნის... /მატას ტანგოს გაგონებაზე, ცნობისმოყვარეობა მოეძალება, წასვლას გადაიფიქრებს და შეპარვით კართან განმარტოებულ წყვილს მიუყურადებს./  ნუგოსთან ერთადნ, მთელი სამხრეთ ამერიკა მოიარა, ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი... ახლა, ბუენოს-აირესში, მგონი, თავისი ბიზნესიც ააწყვეს...

ათანასე. არ მაინტერესებს...

ნუკა. ისე, ძაან უსინდისოდ მოგექცა... გასტროლების ეშხით,  დაგიქნია... ის ფერდინანენსიც, იმპრესარიოც, შენს ჯიბრზე გამოტყვრა... მე მგონი ნუგომ ჩააწყო,  შენ, რომ არ აეყვანე..

ათანასე. არ მაინტერესებს...

ნუკა. რა იყო, მაგის თაობისთვის ჩვეულებრივი ამბავია, აბა, მე ერთგულებისთვის დავისაჯე. ლიკამ კი... ის ვიდეო, აუცილებლად უნდა ნახო, ტანგოსთვის ყოფილა გაჩენილი...

ათანასე. არ მაინტერესებს...

ნუკა. ისევ გიყვარს ხომ?!

ათანასე. უნდა წავიდე,  მანქანაში გზავნილი მელოდება... კარგად იყავი. გამიხარდა შენი ნახვა...

ნუკა. სად გნახავ...

ათანასე. მომავალ კვირას, სამთამთის მონასტერში ამოდი, ბავშვიც წამოიყვანე, ხომ მონათლულია?

ნუკა. აბა როგორ, მოძღვარიც გვყავს, მთელი თბილისი იცნობს...

ათანასე. კარგი,კარგი, ღმერთმა გაგაძლიერთ... /როგორც ჩანს გარეთ გავიდა/.

ქალის ხმა. იცნობდი?

ნუკა. იცნობდი, რომელია, იმ ბოზმა დაგვაშორა, მერე, ეს საცოდავი გადააგდო, ახლა კი, სადღაც არგენტინაში, ათამაშებს უკანალს...

უცაბედად მატას კედლიდან, თითქოსდა,  კუმპარსიტას მელოდია შემოესმება. და ბარტყიც აჟღურტულდება, თან, თავისებურად გალობას ცდილობს/

მატა. /აღტაცებით/ მგონი,  ბულბულის ბარტყია! მაგრამ ამ შუა ქალაქში, რა გინდოდა, ახალა შენ დედ-მამასთან უნდა იყო,გალობას, მათგან უნდა  სწავლობდე, აბა, მე რა უნდა გასწავლო?! გული მიგრძნობს, შენ, რომ კაცობაში შეხვალ, მაგარი მგალობელი დადგები... იქნებ,  კუმპარსიტას მელოდიაც აითვისო... ისე, იცოდე, ეგ ურუგვაელმა კაცმა დაწერა.. მობილურს ჩრთავს და ტანგოს წაცეკვებას ცდილობს... ახლა ქალის გარეშე, ტანგო, ვერავის წარმოუდგენია, თუმც ადრე, მარტო კაცები ცეკვავდნენ... უუჰ, რა საშინელება იქნებოდა, ქალის გარეშე... ბარტყი, რაღაცას, კვლავ თავისებურად ეჟღურტულება/ კარგი, კარგი შენ ლიდერი, მე  ფოლოვერი, ცეკვა შენ მიგყავს, ვგრძნობ, ცეცხლოვანი ბიჭი ხარ, მეჟღურტულე,  შგიძლია თვალებიც დახუჭო პატარავ, მთელი არსებით ვგრძნობ, ჩვენ ახლა, ის გრძნობა გვაკავშირებს, რომელიც ცეკვით უნდა გამოვხატოთ...

/ლამაზად მიმოხვრას იწყებს და ვირტუალური ლიდერთან ტანგოს ცეკვით დარბაზისკენ მიიწევს.../

 

  სურათი მეორე

ელექტროქსელი ჩართულია.  ნორა ფოიეს კარს აღებს და ათანასეს ეგებება, როგორც ჩანს უბოდიშებს... ათანასეს ჭაღით განათებულ დარბაზში ყველის თავებით სავსე ტომრები შემოაქვს და კუთხეში დებს.

ათანასე. ბატონმა მირიანმა ადრიან დილით ჩაბაროს მებფეტესო. სადაც მეტყვით იქ მივიტან...

მატა. /შემოდის, მორჩილს შესცინებს.../  საღამომშვიდობისა.

ათანასე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა!

მატა. კარგი ფეხი გქონიათ, სინათლეც მოსულა...

ნორა.  /მატას გამოჩენა უნებლიეთ შეაცბუნებს და ათანასესთან, მისი იქ ყოფნის გამართლებას შეეცდება./  შვილიშვილებს ატარებს ცეკვაზე, ცოტა ხნით შემოიხედა... ბატონი მირიანის მეზობელია, ძარღვებში გერმანული სისხლი უძგერს. სტალინს ბიძამის პეტიას ვალი ჰქონია ბერიას გაუსტუმრებია ძალზე საინტერესო ქალბატონია...

მატა. ნუ გადარევ, ამ კაცს...

ათანასე. სასიამოვნოა... /მატას შეეგებება და თავს დაუკრავს / მორჩილი ათანასე...

მატა. /თითქოს შეკრთება/ ათანასე, მერე რატომ?!...

ათანასე. მონასტერში. მედავითნე ვარ და, მამაომ ეს სახელი მარგუნა... ღვთის წყალობაა...

მატა. /თითქოსდა იგავური ჩაძიებით/ მონასტრამდე რა გერქვათ?...

ათანასე. /უხალისოდ/ ალალე...

მატა. რა მშვენიერი სახელია...

ათანასე. რას ამბობთ, ახლა, რომ ვინმემ დამიძახოს, არც მივიხედავ...

მატა. /ვითომდაც თავისთვის/ და მერე, ეგაა ღვთის წყალობა?! არადა ალალე, რა ლამაზად ჟღერს, ვინ დაგარქვა?

ათანასე. რომ წამოვიზარდე, ჩვენთან, სტუმრად მოღწეული შორეული ნათესავის ახირებად შემომაჩეჩეს... ჩვენს მხარეში, ცნობილი კაცი ყოფილა და ჩემი დაბადების აღსანიშნავად გაშლილ სუფრასთან, საგანგებოდ თამად ყოფილმა მოწვეული...

მატა. შორეული, კი არა, ძაან ახლობელი ყოფილა... დავიჯერო, ქართველი ადამიანისთვის, ათანასეობა, ჯობია ალალეს...

ნორა. /უხერხულობას გამოხატავს. ათანასეს/ ცოტა უცნაური ქალბატონია. ოთხმოცი წლისაა და ნახეთ, რა მოხდენელად გამოიყურება... სხვათაშორის ბიძამისი სტალინთან ძმაკაცობდა, ვალიც კი ჰქონია მისი და ბერიას ჩაუსესხებია... თანაც, ჩვენი დირქტრის, ბატონი მირიანის ახლო მეზობელია. შვილიშვილები ცეკვაზე დაყავს. უკან მობრუნებული, თავსხმაში მოხვდა, თან  დაფეთებული ბარტყი მოაწყდა, და შეგვიფარეო მთხოვა, ისე, კვირაობით, გარეშე პირის აქ ყოფნა, სასტიკად აკრძალულია, თქვენ კი არ გგულისხმობთ, თქვენ რა გარეშე ხარ?! ჩვენში ბუფეტს, მონასტრის ეკოლოგიურად სუფთა ყველით ამარაგებთ... / დაბნეული, თითქოსდა მექანიკურად ლაპარაკობს/

მატა. მონასტრის ყველი, ახლა ხომ მარხვა იწყება?!..

ნორა. ყველა ბავშვი, ხომ არ მარხულობს...

მატა. არც, ჩემები, ისედაც კალორიების ნაკლებლობა აქვთ /ათანასეს/ უკაცრავად მამაო, ერთ ორ თავს, ხომ არ მომყიდით...

ნორა. არ გაგიკვირდეთ, გერმანული სისხლი აქვს...

მატა. მაგას მეორედ, ნუ იტყვი, სრულფასოვანი ქართველი ვარ, დედით გურული, ჯერ გურიაში მერე კი, ბათომში ვიზრდებოდი...  ქართული სკოლა მაქვს დამთავრებული, გერმანული, არც მამაჩემმა იცოდა; ძმებს, რუსული სკოლები ჰქონდათ დამთავრებული. ის კი არა, პაპაჩემსაც სანახევროდ დავიწყებული  ჰქონდა, ბათომში, რომ ჩამოვიდა, თხუთმეტი წლის თუ იქნებოდა... ხელოსნობდა და გურული ქალი შერთეს... მალე, საერთოდ მიავიწყდაა გერმანული... თუმც, სიბერეში, ბავარიას, გაურკვეველ ფერებში იხსენებდა... უმცროსი ბიძა კი, ქართულ გვარს ატარებდა დედის მხრიდან, ბაბუის გვარზე გადავიდა, სტალინის დროს პატივსაცემი თანამდებობები ეკავა.

ათანასე. /კეთილად იღიმება/ ასეთი ბიოგრაფიის ქალბატონის განაწყენება, ნამდვილად გამიჭირდება, კურთხევა მაქვს, ბუფეტში ჩააბარეო, მაგრამ გავბედავ და ერთ თავ ყველს მოგიძღვნით, ოღონდ, ფულის მოცემა არ დააპიროთ, მერე, როცა შეძლებთ, კარგ ამინდში, სამთამთის მონასტერში ამობრძანდით, აქვეა ქალაქთან, გამორჩეულად სტუმართმოყვარე წინამძღოლი გვყავს...

 მატა. ნამდვილი ალალე ხარ, /კეთლად იღიმება/ შენთვის სახელის გადარქმევა. როგორ შეიძლებოდა, სად ათანასე და სად ალალე?!

ათანასე. მაგას, მეორედ  ნუ ამბობთ;  თქვენ რომ ათანასე დიდის ღვაწლი იცოდეთ...

მატა. მერე და მოგვიყევი... ამ თქეშში წასვლა, მაინც არ ივარგებს, /კედლის საათს შეხედავს/ ბავშვების გამოსვალსაც, ერთი ორი საათი მაინც უნდა...

ათანასე. /რომელიც ტომარაზე შემოკრული ბაწრის გახსნას ცდილობს, შეფიქრიანდება/ მერე მზადა ხართ მოსმენისათვის?!

მატა. /ხალისიანად/ აბა რა, ჯერ სულიერი საზრდო უნდა მივიღოთ... /აშკარად ჩანს, ფოიეში დარჩენის საბაბი, რომ მიეცა კმაყოფილია/.

ათანასე. მართალს ბრძანებთ, ოღონდ, თქვენ დაბრძანდით... /ტომარას თავს მიანებებს. /თავისთვის/ როგორც ჩანს, ქადაგებაში თავის გამოცდის შესაძლებლობა მეძლევა.

მატა. თუ უხერხულობას არ იგრძნობ.../ შეტრილდება და სკამზე დაჯება.

ათანასე. ათანასე დიდი, ათანასე ალექსანდრიელი, მართმადიდეობლის კაშკაშა მნათობია. იგი, არიანული ერესის რისხვა გახლდათ... თავდაპირველად დიაკონად მსახურობდა და ჩემსავით მედავითნე გახლდათ, მამაოც, მიტომაც შემირჩია ეს სახელი...

ნორა. ჰო გამიგია, წინდახედული კაცი ბრძანდებაო...

ათანასე.  ჰო, ჰო... მონასტერში ასვლისთანავე, სადაც ჩემმა ძმაკაცმა ამიყვანა, მამაომ ჩემი ცეკვის ამბავი, რომ გაიგო, გამეხუმრა, აბა გვიჩვენე, ტვინი მარტო ფეხებში, რომ არ შეგრჩაო და წასაკითხად გადშლილი სახარება მომაწოდა... ჩემდა  გასაკვირად მშვენივრად წავიკითხე...

მატა. რა კარგად ყვები, ნამდვილად ალალე ხარ...

ათანასე. მერე ხუცურიც ვისწავლე და მომავალში, ალბათ, ბერად აღვიკვეცები...

მატა. /თითქმის შეჰკივლებს/ აჰ,შენისთანა ვაჟკაცის უცოლშვილოდ გადაშენება რაფერ იქნება...მედავითნე კი ყოფილხარ, მაგრამ ყველაფერში კი არ უნდა დაემსგავსო იმ არიანული ერესის რისხვას...

ათანასე. ღიმილით, თქვენგან კი არ მიკვირს ქალბატონო, გერმანელი თუ ხართ, კათოლიკე უნდა იყოთ, თუმცა,  პროტენსტატს უფრო ჰგავხართ...

მატა. მართალი გითხრა, მსგავსი, არც არაფერი მჭირს... ძირითადად, ქართული ეკლესიის მიმდევარი ვარ, მთლად, ისე კი არაა, რაღაცეებს მეც ვიცავ... საგალობლების მოსმენა მიყვარს ყველაზე მეტად...  დღეს გამხელის ხასიათზე მოვედი და ბარემ იმასაც ვიტყვი, სკოლაში, ქართულ ცეკვაზე მეც დავდიოდი. თუმც, მალულად, სულ ტანგოს ცეკვაზე ვოცნებობდი... მაგრამ, ჩემებს ამის გაგონება, არ უნდოდათ... კომუნისტების დროს, პატარა თანამდებობები, მეც მქონდა, უფრო მეტად მომარაგების დარგში,  მაგრამ ტანგოს ცეკვას, რომ ავყოლოდი, ბავშვები მშიერი დამრჩებოდა. და ახლა ამ ასაკში, გავცხარდი, ვიფიქრე, ეს ჩემი ოცნება, სამარეში, ხომ არ უნდა წავიყოლიო მეთქი... ცოტა რამეები, რადიო–გაკვეთილებიდან ვისწავლე კდეც... /სკამიდან მოხდენილად წამოდგება/ ვთქვათ, კონტრაბასო...

/ათანასე შეკრთება. მატა მობილურზეტანგოს მელოდის ჩართავს/ ალალე, მოდი წამეცეკვე, შენ ლიდერი, მე ფოლოვერი!

ათანასე. /თავისთვის/ განსაცდელს, განცადელს შემყარა ღმერთმა.../დამფრთხალს დაემსგავსა, მაგრამ მატას, ვერც უარს ეუბნება/.

მუსიკის ხმაზე ბარტყი წამოფრინდება, თავისებურადწაიცეკვებსდა მერე სარკმლიდანგამოჟონილმოლიცლიცე შუქზე, კედელს ნისკარტს გამეტებით დაჰკრავს. ბათქაში ერთიანად ჩამოიშლება. ბარტყი სტვენას გააბამს...

ნორა. ნახე შენ, რა ქნა ამ ციცქნამ?! არადა, რემონტი აგერ ახლა გააკეთეს. გაგიჟდება დირექტორი!

მატა. ყოჩაღ პატარავ! რემონტის ხარისხი გაანულე...

ნორა. გიჟია, ეს ქალი!

ბარტყი, კედელს ისევ შეაფრინდება და მოლიცლიცე შუქზე, ნისკარტს კვლავ გამეტებით დაჰკრავს... ბრჭყალების მოშველიებს...

ნორა. გაანგრევს კედელს! მოშორდი შე გიჟო! /იქითკენ გაიქცევა, ბარტყს ხელს აუქნევს, თითებს წამოსდებს... ბარტყი იატაკზე დავარდება/

მატა. /შეიცხადებს/ უიმე, ეს რა ჰქენი?! /ბარტყს აიყვანს და სულის ბერვას დაუწყებს/.

ნორა. დაანგრია შენობა. მოხსნა, არ ამცდება!

ათანასე. ნუ ნერვიულობთ, მე დავიბრალებ... ბატონ მირიანს, ჩემებურად ავუხსნი...

ნორა. ახსნამდე მე მომხსნის, ასეთი საქმის გადადება არ უყვარს. უიმე, დამღუპა, ამ მაიმუნმა...

ათანასე. /იცინის/ მაინც რა ძალა ჰქონია... /ნორას/ ნუ გეშინიათ, გვიან ღამეც, რომ იყოს, შინ მივაკითხავ... ბათქაში  კი არა, ქვაც ჩამოუმტვრევია... დაიცა, ხვრელი ჩანს მგონი შიგ რაღაცაა შეტენილი. კაბას  წამოიწევს და შარვლის ჯიბიდან ჯაყვას ამოიღებს და ხვრელიდან დაგრაგნილ ტყავის ნაჭერს გამოაძვრენს, ფრთხილად გახსნის და  ჩაყვითლებული ქაღალდის ნაგლეჯს ამოიღებს.../გერმანულ ნაწერს ჰგავს...

ნორა. ვიცოდი, ვიცოდი, რაღაც საიდუმლოს გამხელა, რომ სურდა, იმ ფრიცს...

მატა. შენ კი კინაღამ მოკალი, ეს ანგელოზი... /ბარტყს ზედიზედ ჩაიხუტებს და უცებ დერეფნის მიღმა, ჩაკეტილი კარს იქეთ, გნიასი ატყდება/

ნორა. ამათ, არც ათანასე დიდი უშველით და...

ქალის კივილნარევი ხმა. თმებზე, თმებზე გამიშვი ხელი, შე ბოზო!!!

ნორა. დახოცავენ ერთმანეთს...  /ათანასეს/ შენი თუ მოერიდებათ მამაო.... /კარისკენ გაიქცევა. ათანასე მხრებს უხერხულად  აიჩეჩავს, მაგრამ ნორა იმგვარი მუდარით მოხედავს, რომ „მორჩილი“ ქაღალდის ნაგლეჯს მატას შეაჩეჩებს და თავადაც გასასვლელისკენ წავა /

მატა. / ქაღალდს ჩაშტერებული/ ამის წაკითხვა, რომ შემეძლოს... პატარაობისას კი მასწავლიდნენ გერმანულს, მაგრამ მერე, ისეთ შიშში ვიყავით... /უცებ, თითქოს გონს მოეგება/ არა, ამისთანა ბიჭის უცოლშვილოდ გადაშენება დიდი ცოდვა იქნება, ჩემი უფროსი შვილიშვილისთვის უკეთეს საქმროს სად ვნახავ...  /აიფონს მოიმარჯვებს/ სოფო, სასწრაფოდ გამოდი, ჩემთან! აბა სად ვიქნები?! მშვიდობაა, მშვიდობა... შენთვის ისეთი ალალე მყავს, ისეთი ალალე, რომ... გამოდი  მეთქი! რაც გინდა ის იფიქრე... იყოს ცუგო, იყოს... ჰო,  ალალე... ყელზე ნამდვილად არ დაგადგება... ისეთი ნარნარი ფრენა აქვს... კი, კი, გაწრთვნილიცაა, და მერე როგორ... ვიცი  ფრინველები, რომ გიყვარს... მამალია, მამალი და მერე რავარი!!! არ დააგვიანო, გელოდები! /გაისმის სროლის ხმა/ მგონი, მართლა ხოცავენ ერთმანეთს... /ქაღალდს ჩაშტერებული დერეფნისკენ გაუჩქარებს/

 

  

სურათი მესამე

 

გაყვითლებლი ქაღალდის ნაგლეჯს ჩაშტერებული მატა დერეფნიდან სვენებ-სვენებით გმოდის, თან შიგადაშიგ გარკვეული სიტყვების გერმანულად ამოკითხვას ცდილობს. კაბის უბესთან მოკალათებული ბარტყი, მისთვის ხმის აყოლებას ცდილობს.

დერეფნის მიღმიდან ხმაური თითქმის არ ისმის.

გარეთ, ისევ, გადაუღებლად წვიმს.

შემოდის ათანასე. აფორიაქებულია.

მატა. რა ურცხვები არიან... კიდევ კარგი, სამღვდელოს რიდი, რომ  მაინც შემორჩათ...

ათანასე. ნორა, რომ არ დამუქრებოდა, თუ აქაურობას არ დატოვებთ, დირექტორს ყველაფერს მოვახსენებ და სკოლიდაბ გარიცხვა არ აგცდებათო... /მატას/  წაიკითხეთ?

ნორა. /შემოვარდება/ მაგათ დედებს გადავუარე მე... ჩათლახები და  ბოზები, ერთმანეთს ურჩევენ საქმეს... /მატას/ რა ქენი ფრაუ, გაიხსენე გერმანული?

მატა. ბავშვობაში პაპაჩემი გვასწავლიდა, ზოგ რაღაცეებს, მაგრამ მერე, ვერც იმას ვამხელდი გერმანელი, რომ ვიყავი... ისედაც, ომის დროს სკოლაში ბავშვები, გიტლერ კაპუტის ძახილით მომაწყდებოდნენ...

არ გამაგონო, ეს კაპუტი, ისედაც ტვინი მაქვს ადუღებული... აზრი, რა აზრი გამოიატანე?

მატა. მგონი, თავის შეყვარებულს უგზავნიდა, მაგრამ, წესიერად არც იკითხება, /გერმანულად ბუტბუტს წამოიწყებს/ ერთი კი, გარკვევით ამოვხსენი, შეყვარებულს, ანტიფაშისტურ კოალიცაზიაზე მიერთების გადაწყვეტილებს  უმხელს...  გამიგია ეგ ხერხი, ფიქრობდა ჩეკისტები თუ მიაგნებენ ჩემს ანტიფაშისტობას ირწმუნებენო... ბარტყს მკერდთან მიიკრავს /რა დაგემართ შვილო?! ცუდად ხომ არა ხარ?

/ისევ გერმანულად იწყებს ბუტბუტს.../ აი, აქ... აი აქ, ჰანსი მატილდას ახსენებს. /შეცბება/ ჩემი სეხნია ყოფილა. სინამდვილეში მეც მატილდა დამრქვეს, მერე ჩემებმა მატად შეკვეცეს, მატილდა, ვინმეს ყურში უშნოდ არ მოხვდესო... /თვალები აეცრემლება/

ნორა. რას ახსენებს, ნუ დაგვიმალავ...

მატა. ხომ გახსოვს ბანდონეონის ჰანგებზე, რა გაცხარებით ვცევავდით ტანგოსო. მე შენი სურნელით ვიყავი მთვრალი, მილანგის ყოველი წამი ბედნირება იყო, ბოლო ტანდა და კუმპარსიტა კი ... /გაშეშდება. ლაპარაკს ვეღარ ახრხებს... /უცებ, ნაკითხობის გამღავნების სურვილი მოეძალა/ ჰო, ბანდონეონი, გერმანელებმა ჩართეს, ტანგოს არანჟენირებაში... როდრიგესისლა კუმპარსიტაკი ზღაპარია...

ათანასე. /თავისთვის/ ქალის სურნელი,რა მაგარია ალ პაჩინო...

ნორა. /თითქოსდა, გონება გაუნათდება/ ისტორიული აღმოჩენაა. ამას ჩვენი დირექტორი, სენსაციად აქცევს.../ ხვრელში იჭვრიტება/ კიდევ ხომ არაა, რამე შიგ... /აღტყინებული/ არ გამიკვირდება, მაგ ხვრელის იქით სხვა სამალავები, რომ აღმოჩდეს...

მატა. /ირონიულად/ ჰო, შეიძლება მიწისქვეშა საკუჭნაობიც ქე აღმოჩდეს...

ნორა. შარში გინდა გამხვიო ხომ... /ათანასეს თითქოსდა მოუბოდიშეს/ მხიარული ქალია... უბრალოდ, სიტყვას მოჰყვა, ჩემს ბავშვობაში, კლდეში, მდინარის ახლოს, ბავშვებმა დარანი ვიპოვეთ და...

ათანასე.  ჩვენს მონასტერთანაც, აღმოვაჩინეთ ამას წინათ... მამაომ ასე განგვიმარტა.  დარანად ითქმის სახლი მიწას ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად... რამდენიმე ადგილას გამოვასუფთავეთ და კელიებიც მოვაწყვეთ... მოუთმენლად ველი, ცალკე კელიას, რომ ვეღირსები...

მატა. ასეთი რაა ეს კელია, რომ შენისთანა სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, მასზედ ოცნებობს?!

ათანასე. ბერის სადგომი, ანუ საცხოვრებელი! უფრო თვალსაჩინოდ: კელენი მცირე სენაკია; სენაკი მცირე სახლაკი, სიტყვის კონა სულხან-საბა ორბელიანი, და კიდევ; სენაკი , ცალკე ოთახი ბერისათვის, მონაზვნისათვის, განდეგილისათვისქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი...

მატა. ალბათ კომფორტულად მოწყობილი ოთახია... ტელევიზორი და მაცივარი ხომ გაქვთ შიგ?!

ათანასე. /კეთილად იცინის/ თქვენ როგორც ჩანს, მონასტრულ ცხოვრებაზე წარმოდგენა არ გაქვთ..

ნორა. საიდან ექნება. ოთხმოცი წლის ქალი, რომ ასე კეკლუცად დადის...

მატა. გშურს ხომ?! ერთხელ ვარ ამ ქვეყნად და...

ნორა. ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ.../ მაგიდის უჯრიდან ჟურნალის მაგვარ რვეულს ამოიღებს/ უკაცრავად პატივცემულო, ქაღალდის ნაგლეჯს ფაქიზად გამოართმევს... აქ, ბოლოში, ალქიმიკოსთა, ზოგი სიმბოლოა მიხატული...

მატა. შენ, საიდან იცი?!

ნორა. ქალიშვილობაში მეც ვიყავი ასეთ რამეებით დაინტერესებული...

მატა. ალბათ შეყვარებულის მოჯადოება გინდოდა...

ნორა. /შეიცხადებს/ არც მიფიქრია, ისე ვერთობოდი...

მატა. ვიცი მე ეგ ამბები, დედაჩემისგან გამიგია, თავის დროზე მამიდაჩემც ყოფილა, ამ ამბებით გატაცებული...

ნორა. /ნიშნისმოგებით/ მარადისობის ელექსირს ხომ არ ეძებდა?

მატა. რაღაც ცდებს ატარებდა ჩუმად და შეყვარებულმა დაასმინა, პეტრეს, სტალინისთვის წერილი, რომ არ მიეწერა, ციმბირი უკან დარჩებოდა...

ნორა. უყურე შენ პეწიას?! ეს რა ქალბატონი მყოლია სტუმრად... ქაღალდის ნაგლეჯს, ისევ დაკვირვებით გადაათვალიერებს და ჟურნალში ჩადებს. მერე ტყავის ნაგლეჯსაც ფრთხილად აიღებს და იმასაც ჟურნალში შენახავს. ჩვენ გერმანულის მაგარი სპეციალისტი გვყავს...ის გაშიფრავს! ისე, ცნობისთვის, დღემდე ალქიმიას დღემდე ლანძღავენ, ცრუ მიმდინარეობა იყოო, მაგრამ, ბევრი კარგი მიგნებაც ჰქონდა, ვთქვათ, ჩინეთში, უკვდავების ელექსირის ძიებაში, შემთხვევით დენთი აღმოჩინეს, და მეთერთმეტე საუკუნეში მისგან, ფეირვერკებს ამზადებდნენ... ხომ გიყვართ ფეირვერკები და სპეცეფექტები, კაი ხანს, ვმუშაობდი მაგ სფეროში, მაგრამ მერე.../მოიწყენს/.

ათანსე. საოცრებაა მატას მკერდზე მიკრულ ბარტყს თითებით ფრთხილად მიეფერება.../ მაგარი ყნოსვა გქონია...

ნორა. ინტუიცია _ ღვთიური მადლია _ აზროვნება კი მისი მორჩილი მსახური! აინშტაინს უთქვამს, ჩემი არ გეგონოთ... /ბარტყზე/ ბუნებით მგონი, ეგეც ალქიმიკოსია, პატარა ალქიმიკოსი... მართლაც, საგანგებო შემთხვევაა, თავში ჰანსის ტრფობა და მერე დარანი, უკაცრავად კელია თუ კელენი, უნდა ავღნიშნოთ... ერთი ბოთლი წითელი ღვინოც მაქვს გადანახული, ჩემი ძმის დაწურულია. მაგიდის ქვემოთ სამალავიდან კარგა მოზრდილ, ღვინიან ბოთლს ამოიღებს და მაგიდაზე ამაყად დადგამს... მერე ჭიქებსაც ამოაყოლებს.

მატა. შენ, რა ქალი ყოფილხარ, თავიდან...

ნორა. ჰოდა თავში კი არა ბოლოში შეაფასე! /ჭიქებს შეავსებს და მატას მიაცქერდება./

ნორა.ამ წერილის საფუძველზე, შეიძლება სკოლის მუზეუმის, მაგვარი კუთხეც ქე გაიხსნას...

მატა. მატილდას და ჰანსის სიყვარულის ტკბილი მოგონებისა იყოს...

ათანასე. /ცოტა არ იყოს დაბნეულად/ ამინ!

ღვინოს მოსვამენ. ნორა უცებ გადაწყვეტილება შეცვლის და ჭიქას ბოლომდე დაცლის, თქვენც, თქვენც ბოლომდე დაცალეთ, თუ ერთხელ ვარ, დაივამხსოვროთ მაინც...

მატა. ყოჩაღ!

ათანასე. ჩემთვის არ შეიძლება...

ნორა. ერთი ჭიქა, არც დაგემჩნევა...

ათანასე. ჰო, მაგრამ კურთხევა არ მაქვს...

მატა. ალალე. გაგიჭირდება, შენ ბერობა...

ათანასე. მაგას მეუბნება მამაოც, ბერობამდე ერთი ათი წელი მორჩილად უნდა იყოო...

მაატა. ძაან გთხოვ აღმიწერე ეს კელია, მონაზონად წასვლა, რომ გადავწყვიტო, ვიცოდე მაინც, ოცი წლის წინათ, ერთ ამბავზე, ისე ავნერვიულდი, გდაწყვეტილი მქონდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და...

ათანსე. კეთილი, ქალბატონო მატა, მომავალ გაბუტვაზე, კიდევ ხიბლში, რომ არ ჩავარდეთ, ჩვენი მონასტრის მრევლს შეთვისებული, ერთი კარგი ქართველის  ლექსს წაგიკითხავთ...

მატა. ძალიან კარგი, ძალიან მაინტერესებს, გისმენთ...

ათანასე. /საზეიმეო იერით შეემზადება/ კელენიამბობენ განმარტოება პატიოსნებააოგანგებისგან ბოძებულ კელენში, სენაკში გარკვეული ხნით განმარტოება და ლოცვა, ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ შეიგრძნოს რისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად, უშუალოდ დაფიქრდეს თავის განვლილ ცხოვრებაზე, გასავლელ გზაზე/ვიღაც მობილურზე დაურეკავს, ათანასე მოიბოდიშებს და გვერდზე გავა/

ნორა. მართლაც ალქიმიის სუნი ტრიალებს, შენ, ეტყობა, მამიდაშენისგან გამოგყვა, რაღაც ისეთი, ამ ბიჭს, მოჯადოებას, ხომ არ უპირებ... /ხითხითებს/

მატა. ამის უცოლშვილოდ გადაშენება დიდი ცოდვა იქნება, ჩემი უფროსი შვილიშვილისთვის უკეთეს საქმროს სად ვნახავ...

ნორა. შანსავიკი ხარ პირდაპირ, შენისთანა ბებია, რომ მყოლოდა...

მატა. / მათკენ წამოსულ ათანასეს / რა კარგად კითხულობ... ლექსი, ლექსი წაგვიკითხე!

ათანასე.  /კმაყოფილი/ მაგასაც მოგახსენებთ და ლექსის კითხვას მგზნებარედ დაიწყებს... კელენი! კელენი ეთქმის მცირე სახლაკსა, მცირე სახლაკზედ უფრორე მცირეს, ძვირფას თვალივით უჩანს სარკმელი, იფარავს კაცსა სუსტსა თუ ძლიერს კელენი არის სავანის უბე და განუყრელი მესაიდუმლე, განმხოლოებულ კაცსა თუ ქალსა, კელენი შესძენს ღვთიურ სისრულეს იგი სამოსად შეერწყმის სხეულს და სიტყვას უწვრთნელს ლოცვად აღავლენს, სწყალობს მონანულს, შვებას ჰგვრის ეულს და ლოცვის ფრთებზე სუნთქვად დააფენს კელენი ჰკურნავს შურსა და ღვარძლსა, კელენი ჰკურნავს გულის სიხარბეს, კელენი სხვაგვარ სიმკაცრეს კვერავს, კელენი გხვეწავს და გაქანდაკებს კელენი თრგუნავს გადამძღარ კაცსა და ნამარხულევს მოჰგვრის სიამეს, განმარტოებულს შვენის დათმენა, ხმაი გალობის სულს განუახლებს კელენი მოჰგავს ძმას მესნეულეს, შემწეს ავადმყოფ ბერთა და მწირთა, აღძრავს სიყვარულს სხვაგვარი კრძალვით და შეგვახსენებს მსგავსნი ვართ ღვთისა კელენი გახლავთ მცირე სენაკი _ უდაბნო, თოში _ იქვე ბაღნარისამყაროს იტევს მცირე სახლაკი, ძალუძს კურნება _ დაეც ბანაკი!

მატა. /მძიმედ ამოისუნთქავს.../ ეს იმას ჰგავს, რო ეს ბარტყი გალიაში გამოამწყვდიო...

ნორა. მე თუ მკითხავთ, /შევსებულ ჭიქას სხვა ჭიქებს მიუჭახუნებს და სასმელს ისევ ხარბად დალევს/ მე თუ მკითხავ, მშვენიერი საშუალებაა ბიუროკრატიის მოსარჯულებლად...

ათანასე. არა ეს სოციალური განწყობით ნაკარნახევი არ არის. ეს მორჩილის სულიერი გამოძახილია...

ნორა. ისევ და ისევ, პოეტის ცრემლებს გაუმარჯოს... რადოში მოვისმინე... ამერიკაში, ჰაერისგან საკვები პროდუქტის დამზადების იდეამ, ტრაგიკული განცდების პოეტს შთაბერა, რომ ლექსებიდან არყის გამოხდის ტექნოლოგია შეემუშავებინა, რატომაც არა, გადაისქმანება, ანუ ერთი ნივიერების მეორე ნივთიერებაში გადაყვანა ხომ ქიმიის საქმეა… ჰოდა, მშვენიერი შნაპსი ჰგამოვა… დაიწყო, თავისი ლექსების კრებულები, სპეცაპარატში მოათავსა, კარგად გაჟღინთა სხვადასხვა ხილისგან და მწვანილისგან მიღებული ინფუზიებით, მერე აასევე სპეცაპარატურაში ცოტა ხნით დაამჟავა, გამოხადა, გაფილტრა და მიიღო მშვენიერი გძნობათა ამაჩუყებელი სასმელი ”პოეტის ცრემლები”, რომელზეც მოთხოვნილება უმალვე გაჩნდა… ბევრს სურდა მუზას ზიარებოდა… ჰოდა, მინდა შემოგთავაზოთ, ჩემი ჩემს მიერ მსგავსი ტექნოლოგიით შემზადებული ბიორესურსიდან გამოხდილი შნაპსი... /მაგიდის უჯრიდან წელწვრილ ბოთლს გამოიღებს / დაცალეთ ჭიქები!

მატა. ეს ვინ ყოფილა?! შენ, აქ რა გინდა, შენ ბიზნესში უნდა იყო, ერთი ჯანსაღი კაფე ნამდვილად დაგამშვენებდა...

ნორა. იცოცხლე, მაგრამ...

მატა. რა მაგრამ, ჩემ სახლს, ზუსტად მაგ ამბისთვის მორგებული ნახევარსარდაფი აქვს... ერთი, მადლიანი ხელისშეველება, გაფორმება და... ყველს,სულგუნს და შაშხს და მისთანებს მონასტრიდან შევიძენთ, შენი ძმა ამ შვენიერ ღვინოს  და პოეტის ცრემლებს შემოიტანს, სიმღერას, ცეკვას და გართობას, ჩემი უფროსი შვლიშვილი მიხედავს, აგერ ალალეც წამოგვაშველებს ხელს და...

ნორა. კაფე კი არა, კაი გვარიანი რესტორანიც გამოვა...

მატა.იყოს მერე, მასაც მშვენივრად ავაგუგუნებთ!

ნორა. /ათნასეს/  ნუ მგვატოვებ, რა, შენისთანა ღირსეულ ვაჟკაცთნ, ერთი ბოთლი, რომ არ შევსვა, მერე სულ დარდად მექნება, პირდაპირ ნუ წახვალ, ეგერ, მედპუნქტის ოთახში, მშვენიერ დივანზე მოისვენე და გამთანისას წადი შე დალოცვილო...

მატა. მეც ძაან გთხოვ, გვაჩუქე ლამაზი საღამო...

ნორა. /თავისთვის/ აჰა, ამანაც აათამაშა „ტრაკი“, ბრჭალები...

ათანასე. /უცებ შეეცვლება განწყობა/ კარგი, ასეთი ქალბატონების განაწყენება, მეც არ მინდა... ოღონდ, მანქანასთან გავირბენ, გუშინდელი ტრაპეზიდან შემონახული პურმალილი მაქვს და გამოვიტან.../კარისკენ გაუჩქარებს/.

მატა.  აჰ, არა, ამისთანა ბიჭის დაკარგვა არ იქნება, /“მობილურზე“ რეკავს./ჰო, მე ვარ... სად ხარ... ვისი დაბადების დღეზე... ხომ გთხოვე, სკოლაში მოსულიყავი... წამოსვლას აპირებდი და შინ მოგაკითხეს?! გოგო. შენ რა არეული ფეხის ხარ... შენს ბედთანაა... გეუბნები მოდი...  სხვების ქეიფზე დადიხარ და შენი თავი გამუდმებით მიტოვებული გყავს... რა გაწრთნილიც არ უნდა იყოს, რომელი ალალი დაგელოდება შენ! გოგო მოდი მეთქი, ერთხელ მაინც დამიჯერე, ახალგაზრდა კაცი უნდა გაგაცნო, ნამდვილად მოგეწონება, ჰო, ჩიტიც მისი გაწვრთნილია, რაღაცას მოახერხე, რაღაცას, რომ მოახერხებ, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, ასეთს, ნამდვილად ვერ იშოვი, მოდი, მოდი... ჩემს სადღეგრძელოს სვამენ... მადლობა მომიხსენებია, გაახაროთ ღმერთმა, მაგრამ, გამიგშვან ის ჯობია, რომ ნახავ, უცებ შეგიყვარდება, ვინ და ალალე, ახალგაზრდა, შნოიანი, ჯანღონით სავსე, ხელოვანი... ახალგაზრდა კაცია, შე ჩერჩეტო, უბრალოდ ალალე ჰქვია... ეგეთი სახე;ლი არ გაგია, აბა რა, შენ ხომ იკოსთან, ტიკოს და ტაკოსთან მეგობრობ... მოდი, მოდი... გამითიშა...  

ნორა.რა შანსავიკია...

მატა. უნდა გავაცოხცლო მამიდაჩემ ინესას ალქიმია.ვითომ საბეროდ შემდგარ ვაჟკაცს, მე სანიმუშო საქმროდ გარდავქმნი...

ნორა. შენც, კაი დამთხვეული ყოფილხარ, ასე გამოდის, პირიქით აპირებ, ხალასი ოქრო, რკინად გინდა აქციო...

მატა. /შეცბება/ რა რკინად?!

ნორა. აბა, ალქიმიკოსთა მთელი არმია, იმას ცდილობდა, უბრალო რკინა ოქროდ, ან რომელიმე ძვირფას მეტალად ექცია, შენ კი  მონასტრის მიერ წმინდა გზაზე შემგარი კაცი, ოჯახის უღელში გინდა  შეაბა და, ჩვეულ ამომყორავად აქციო...

მატა. სსუ, არ წამოგცდეს!  /თავისთვის/  რა ვიფიქრებდი, ასეთი ინტრიგანი თუ იყო...

ნორა. ისე, იაპონიაში მამრობითი სქესის მოსახლეობის 7%-  საზოგადოებისგან იზოლირებულად არიან,  არ მსახურობენ. არ ერთობიან, ცხოვრობენ ახლობლების და შემოწირულობის ხარჯზე, სახლიდანაც, ხშირად, წლების განმავლობაში არ გადიან.

მატა. ეგ, რა შუაშია...

ნორა. რა ვიცი მოვისმინე და... ვიღაცას ხომ უნდა გავუზიარო...

მატა. რადიოს, შენც უსმენ?

ნორა. აბა, ისე რა გაათენებს...

მატა. ძველი მობილური მაქვს, ცოტა ხელის შევლება უნდა, ხვალ წამოვიღებ...

ნორა. /შეიცხადებს/ აჰ. არა... ვერ ვიტან ტელეფონზე  ჩამოკიდებულ ხალხს, ერთანად გათიშულები დადიან... ჩემთვის, ჯიბის, ციცქნა რადიომიმღები, ბევრად მოსახერხებელია, მობილურს კი არ ვარ ჩაციკლულული... არხებზე ჩენს გემოზე ვინაცვლებ, შეგულებულ მელოდიებს, ინფორმაციას ვისმენ და გარემოსაც ფხიზლად ვადევნებ თვალყურს.../ რადიომიმღებს ჩართავს. Gგაისმის ტალღისებური მელოდია და უცებ წამყვანი სიყვარულის თემაზე იწყებს საუბარს/  

მატა. /თანაგრძნობით/ შენ თუ იცი, რომ საინტერესო ქალი ხარ, ქალიშვილობისას, უკეთესი იქნებოდი, ერთხელაც არ გათხოვილხარ?!

ნორა. რა უბედურებაა... ისედაც, მშვენივრად ვგრძნობ თავს...

მატა. არც სასიყვარულო რომანი გქონიაა...?!

ნორა. რა უბედურებაა...

მატა. და არც ნანობ, რომ...

ნორა. რა უნდა ვინანო, ჩასვრილი პრატა-პრუტები, რომ არ ვრეცხე?!

მატა. დაიცა, დაიცა, ეს რომელი არხია, ხმას აუწიე…

ნორა. აბა, ჰე! /რადიომიმღებს თითებს წამოჰკრავს/

გადაცემის წამყვანი თხრობას თავისებური ეგზალტაციით აგრძელებს:

...ნეკერა გოგო სიყვარულს ითხოვს

და სიყვარულში თენდება ღამე,

ქალი ზრდასრული, სხვა ალერსს ნატრობს

და ტირის ზოგჯერ უცრემლოდ, მწარედ…

ჭირვეულობა თუმც ჯიშად მოსდგამს,

აღარ დაეძებს ვაჟს ტანადს, საროს,

ოღონდ კაცობის ჰქონდეს ხარისხი,

ოღონდ ეახლოს და მიეახლოს…

და მოიმწყვდიოს მკლავებში მძლავრად,

ოღონდ სინაზით, არ შეურაცხყოს

და უერთგულოს არჩევანს მამრმა,

ინდომოს ქმრობა, არ გადიკარგოს…

და მარტოობა გაუსაძლისი,

აშოროს ბედმა, ლოცვებში ნატრობს,

თუმც მარხულია და მონანული,

მაგრამ ოცნება სხვაგვარად ართობს…

სურს დაამშიოს ფარული ლტოლვა,

სურს დაიმშვენოს ქალური კდემა,

მაგრამ რა უყოს, რარიგ მიჩქმალოს

დაუკოცნავი ტუჩების კვდომა…

და ჰა, იმედი უკანასკნელი ჭკნება

და ქალი იზოგავს ვნებას,

მკვდარია,

მკვდარი უკოცნელად ქალის ტუჩები,

მხოლოდ სიზმარში თუ ჰპოვებს შვებას...

ნორა. /კბილებით ბაგეების კბენას დაიწყებს / არა ცოცხალია!

მატა. შენ, ვინ ყოფილხარ?! /იცინის/ ეს ხო ჩემი საყვარელი არხია... ისე, ადრე, რომ შეგვეხდროდი, არ იქნებოდა ურიგო... 

დარბაზში უკან მობრუნებული ათანასე შემოვა, ხელში დაწნული კალათი უჭირავს...

ნორა.  შენ გენაცვალე, რა თადარიგიანი ყოფილხარ...

ათანასე. ჩემი რა მოგახსენოთ, ბიჭებმა გამომატანეს, გზაში, რომ ჩარჩე, გამოგადგებაო... ბევრი კი არაფერია, ლობიო და მჭადებია...

ნორა. აბა მეფური სუფრა გვექნება... სათავსიდან თეფშებს და ჩანგლებს გამოიღებს... მონასტრის ლობიოს რა შეედრება.

მატა.შენ საიდან იცი?

ნორა. დირექტორს ჩამოაქვს ზოგჯერ და მთელ პერსონალს დაგვირიგებს...

ჰანსა და მატილდას სიყვარულს გაუმარჯოს.

ათანასე. თუ ცოცხლები არიან, კიდევ დიდხანს ამყოფოთ ღმერთმა, თუ არადა, მათი მოგონებისა იყოს.

ღვინოს მოსვამენ. 

მატა. /ჭიქას ბოლომდე დაცლის, ხაზგასმით/ ალალე, ალალად მითხარი, მონასტერში წასვლადე, რა პროფესიისკენ მიგიწევდა გული?

ათანასე. /თითქოსდა  წამოცდება / ქორეოგარაფობა...

ნორა. /შეიცხადებს/აჰ, არა. ღიპწამოგდებულ რობერტას, რომ ვუყურებ, ქორეოგრაფობა კი არა, ლამის ცეკვა შემძულდეს...

ათანასე. ვინც, ცეკვის წრეზე წაიცეკვა და მერე ანსამბლი შეაკოწიწა, ყველა ქორეოგრაფს უწოდებს თავს...

მატა. მართლაც... ქორეოგრაფებად მე სუხიშვილები, ჯანო ბაგრატიონი, რომან ჭოხონელიძე...

ნორა. ყოჩაღ ტანგო! ქართული ცეკვის მოყვარულიც ყოფილხარ...

მატა. მოყვარული რომელია, უნივერსიტეტის გუნდშიც ვცეკვავდი და ჩემი გამოსვლის შემდეგ, ისეთ ოვაციებს მართავდნენ...

ათანასე. რომელ წელს...

მატა. მაგრამ მერე, საერთოდ სწავლისთვის თავის მინებება მომიწია, ცეკვა კი არა, უცებ, უაზროდ გავთხოვდი და... /მოიწყენს. და უცებ ათანასეს/ შენგან, მართლაც ჩინებული ქორეოგრაფი დადგებოდა! ჩემს ნახევარსარდაფში კაფესთან ერთად, მშვენიერი სტუდიოც აეწყობოდა...

ათანასე. ჩემთვის საამაყო იქნებოდა, ქართული ცეკვის ქორეოგრაფის სახელი...

მატა. არც ახლაა გვიან...

ბარტყი, თითქოს საცეკვაოდ შეიფრთხიალებს...

ნორა. ამ ბარტყს, ტანგო უნდა დავარქვა...

მატა. ალალე, მომავალ სიყვარულს გაფიცებ, უნდა მესტუმრო, აი ნორასაც ვეპატიჟები, ვგრძნობ ალღოიანი მზერა გაქვს და ჩემი სარდაფიც დაათვალერე...

ათანასე. ვწუხვარ, მაგრამ, ვერ შევძლებ, მამაოს კურთხევა მაქვს, გზავნილის, როგორც კი ადრესატს ჩავაბარებ, მონასტერში დავბრუნდე...

ნორა. /გახარებული/ ანუ ბუფეტჩიცა ალას, ის კი მხოლოდ დილით იქნება...

მატა. ეს, თქვენი მამაო, ძალიან საინტერესო კაცი ჩანს, ბერობამდე რაგვარს ატარებდა?

ათანასე. ბერობამდე და ახალაც გარბენაძეა...

მატა. გული მიგრძნობდა, ჩემს ოჯახში გაიცნეს ერთმანეთი და...

ათანასე. ვისზე ამბობთ?

მატა. მამაოს ბიზნესპარტნიორზე და... ჩემი სიძის კათედრაზე, აქვს დისერტაცია დაცული... და ჩემთვის ისეთი ხასხასა ვარდები მორთმეული, რომ... რას ვიფიქრებდი ბერობას თუ აპირებდა... /ნიშნისმოგებით/ ერთი წუთით დაგტოვებთ /მობილურმომარჯვებული დერეფნისკენ წავა და მიიმალება /

ათანასე. /ნორას/ მგონი, ეგეც ალქიმიკოსია...

ნორა. და მერე როგორი, მაგარი შანსავიკია.../ჭიქებში “შნაპს“ ჩამოასხამს/ არ მიმატოვო  ალალე! /ჭიქას ჭიქაზე მიუჭახუნებს/

ათანასე. ხომ  არ დაგავიწყდა, მანქანით რომ ვარ...

ნორა. გათენებამდე გაგივლის... შენმა ლექსმა ძაან ამაღელვა... /თითქოსდა ორატორული აზარტი შეიპყრობს; აზრების გადმოფრქვევისას სიტყვა ბრჭყალები რემარკასავით აუჩემებია/ ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თუ გამუდმებით დგანანგამოწვევების, ბრჭალები,  წინაშე, ხშირად ინერციით იღებენ გადაწყვეტილებებს ზოგი, ისე მიეჩვია ტელევიზიის ეკრანებიდან საკუთარი თვალთახედვისფრქვევას”, ბრჭყალები, ხშირად თავადაც ვერ გრძნობს, რომ მხოლოდ, თავისი გადასახედიდან მოძღვრავს ქვეყანას, სტერეოტიპულ ქარგას ვითარებისდა მიხედვით აფერადებს რომ არსებობდეს ამა ქვეყნის      სახელისუფლო შტოსა თუდაუდგრომელი, ბრჭყალები“ ოპოზიციის წარმომადგენელთასულის მოსაბრუნებლად, ბრჭყალები, დაწესებულიგანმარტოების, ბრჭყალები, ტრადიცია, ეს ქვეყანა ბევრად უფრო დალაგებული იქნებოდა, ბევრად ნაკლები უსარგებლოგამოწვევების, ბრჭყალები“ მსხვერპლი შეიქმნებოდა ჩვენი საზოგადოებაუტოპიად კი მოგეჩვენებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს სახელისუფლო წრეებსა და ოპოზიციაში ამგვარი განმარტოების ტრადიციამ, რომ მოიკიდოს ფეხი, ჩვენს ქვეყანაში ბევრად, ბევრად უკეთ იქნება საქმეწელიწადში სულ ცოტა რაღაც ორი კვირითყველას, ბრჭყალები“ გამოუჩნდება ერთგული, საქმეში ჩახედული შემცვლელი კელენი კი, განგების ნებით აუცილებლად მოიძებნება /უცებ, თითქოსდა იგრძნო „დაუკრეფავში“, რომ გადავიდა და პირი მოკუმა. მერე მობოდიშებით/ ხანდახან შემომიტევს...

ათანასე. / ცნობისმოყვარედ/ ოღონდ, ის მითხარი,   დარაჯობამდე, რომელ პარტიაში მიგყავდა პარადი... /იცინის/

ნორა. ეეჰ, ნუ მეტყვი, ერთი ხუთი მაინც მაქვს მოცვლილი, ყველა ერთი მთხლე გამოდგა...

მატა. /გვირაბიდან გამოდის, გაამაყებულია. კაბის უბესთან ჩაბუდებულ ბარტყს სულს ნაზად უბერავს/ ესეც ასე, კურთხევა მიღებულია...

ათანასე. /ახმიანებულ მობილურს ყურთან მიიდებს. / მაკურთხე, მამაო... ჰო, ყურადღებით გისმენთ... /განმარტოვდება/

მატა. /ნორას/ გული მიგრძნობდა.... შენმა დირექტორმა და მამაომ, ჩემს ოჯახში გაიცნეს ერთმანეთი, თუმც, მაშინ მამაო არ იყო, ერთი, კანდიდატობის მაძიებელი, ხლისიანი. მარჯვე ახალგაზრდა იყო, სახელად დიტო, ანუ დიმიტრი...

ნორა. შენი სიძე, გეპეიში კათედრის გამგე ხომ არ იყო?

მატა. ჰო, პატივს სცემდნენ. ნათელში ამყოფოს ღმერთმა...

ნორა. ამინ, ამას წინათ ახსენა ჩვენმა გლავმა, მისი სტუდენტი ყოფილა, მგონი ავტოკატასტროფაში დაღუპულა...

მატა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო...  აბა, რა უნდოდა, ჩემს გოგოს ამერიკაში...

ათანასე „მობილურზე“ საუბარს თავს მიანებებს და მატასკენ მოკრძალებით გამოიხედავს. მერე ტომრიდან სამ თავ, დიდრონ  ყველს ამოიღებს და მატასკენ საზეიმო იერით, წამოვა.

ნორა. ეტყობა, ახალი კურთხევა მიიღო...

ათანასე. ქალბატონო მატილდა, მამაომ მოგიძღვნათ, თან კურთხევა მომცა, რასაც დაგავალებს უსიტყვოდ შეასრულეო...

მატა. / გულღიად იცინის... / არ შეშინდე, მომავალი კაფე-სტუდიოს დაგეგმვაში დამეხმარები, დიტოს ძაან მოეწონა ჩემი ჩანაფიქრი...

ათანასე. მამაოს... /ყველის თავებს მაგიდაზე დაალაგებს/

მატა.  ჰო, მამაოს! /ნორას/ ერთი თავი შენთვის მომირთმევია... /მორჩილს საცეკვაოდ მიიწვევს/ აბა ვნახოთ, ქორეოგრაფიული ალღო ხომ არ დაგიჩლუნგდა... ჩემი უფროსი შვილიშვილი, უნდა გაგაცნო, გარეგნულად, ჩემს ახალგაზრდობას იმეორებს, თან ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, ისეთი მეოჯახეა, რომ...  ისეთ კელენს მოგიჭყობთ, ისეთს, გარეთ გამოსვლაზე წამითაც არ იფიქრებ... /ათანასეს მოხდენლად შეეცეკვება/

ნორა. / თავისთვის/ უჰ, რა შანსავიკია, კი, ნამდვილად ალქიმიკოსია, არაფრისგან მოვლენებს ქმნის/ მგონი,  დაუსწრებლად ჩაისიძა...

ბარტყი ბულბულივით სტვენას დაიწებს.

P.S. დასასრულის მაგიერ

თითქოსდა, მომავალი ყველას კეთილად უღიმის, მაგრამ, იმ წლებში, აგრესიულ ჯგუფებს შორის, ხშირად იყო იარაღით დაპირისპირება და შესაძლოა ვინმეს, ისე შემთხვევით, ავტომატის ჯერით, რომელიმე შენობის კარ-ფანჯრებიც დაეცხრილა... შენობაში მყოფნიც ერთიანად ამოეხოცა... ისიც შესაძლოა, მატა-მატილდას ჩანაფიქრს, მართლაცდა საოცნებოდ შეესხას ფრთები და მომავალიც მელოდრამის ფერებში ვიხილოთ...

უმჯობესია, რეჟოსორის გემოვნებას მივენდოთ... მუსიკოთერაპიას გვაზიარებს თუ...

 
***

გაგრძელება 

  ***

ჯანრი გოგეშვილის 

პიესები

 


  • უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...
  • უცნაურ ძიებათა არომატი (დრამა ირონიული ველით) / Ар...
  • ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
  • ლეგენდის სატყუარა (პიესა) / The bait of legend (pl...
  • პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
  • პიესა _ ”ცრემლიანი კომედია” / ”მიდი, მიაწექ!..” / ...
  • ქალბატონი ქალიშვილი (პიესა)
  • კალიების შემოსევა (კომედია)
  • ...ბედი შენი... (დრამა)
  • სიყვარული აგვამაღლებს (დრამა)
  •  ტანგო - ალქიმიური მანევრით... (მელოდრამული სვლე...