ე.წ. საზოგადოება, ხანდაზმულთა მიმართ დაუნდობელი გახდა… კი, ბევრი აქტივისტი ჰუმანისტი, იღვრება ემოციებად, რომ ზოგადად, ხანშიშესულთა მიმართ, თანაგრძნობით და გაგებით უნდა ვიყოთ გამსჭვალულნი, მაგრამ, სინამდვილეში ასაკოვანების მიმართ ემპათია კლებულობს, აშკარაა, რომ მათ თავად ხანდაზმულობის გამო, პატივს აღარ მიაგებენ. ის კი არა, ზოგს, არათუ, შემთხვევით გადაყრილ აღრენილ პირისგან, არამედ, ვითომდაც მოსიყვარულე ახლობელთაგან ”რგებიათ”: შენ, სულ მთლად გამოშტერდი; ხომ ხედავ სიბერისგან სკლეროზი გჭირს; შეიგნე, ვეღარ ქაჩავ, ტვინში ნეირონები შემოგაკლდა… ეს იმიტომ, რომ დიდი ხნის მანძილზე, სამედიცინო კვლევების საფუძველზე ”ბოგინობდა” დასკვნა, თითქოსდა, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის ტვინი ნეიროგენეზის უნარს კარგავს…
როგორც იტყვიან, ”ნურას უკაცრავად!”, ბოლო კვლევებმა ნათლად აჩვენა, ახალი ნეირონების წარმოება 90 წლის ასაკშიც კი მიმდინარეობს, თუმცა, ეს პროცესი, გარკვეულ შემთხვევებში პიროვნების გარდაცვალებამდე გრძელდება… გააჩნია ვის რა გენეტიკური მონაცემები და ვის რა ცხოვრების წესი გააჩნია…
ოფიციალურად, კი მეცნიერთა მიერ, ამგვარი განცხადება გაკეთდა: "ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჰიპოკამპის დაკბილულ ხვეულში ჩამოუყალიბებელი ნეირონების პოპულაცია 90 წლის ასაკშიც კი არსებობს".
სურათზე ეს დაკბილული ხვეული მიმზიდველად გამოიყურება. ჰოდა, ნუ დაიზარებთ, ვინაც აზროვნების ამაღლებისკენ იაწრაფვით, ერთხელ მაინც შეავლეთ მზერა, ანუ, ფიქრში დაიმეგობრეთ, იგულეთ, რომ საკუთარ თავის ქალაში, ”ჰიპოკამპის დაკბილულ ხვეულში” გყავთ მოყვასი და შემწე… ოღონდ, უმთავრესი ჯანსაღი ჩვევების მოძლიერება არ მიივიწყოთ… ტვინის აქტივობა და მანევრირება, შინაგან ძალისხმევას ითხოვს. პოზიტიური ემოციები, ფიქრები და ქმედებანი ”ტვინის სიხშირის” (რიტმის) ჰარმონიზაციას უზრუნველჰყოფს…
არადა, ამ პანდემიის დროს, ვითომდაც, ჩვენზე ზრუნვის საბაბით განსაკუთრებით ”აგვითვალისწუნეს”, ასაკოვანები, ხანდაზმულები, მოხუცები ნუ ითამამებენო… გამიზნულად თუ სიბრიყვით, ტელეეკრანებიდან დაჟინებით იმეორებენ დაავადებისა თუ სიკვდილის ქრონიკებს… დამთგუნველი შიშის სუნი დაძრწის გარშემო და ისედაც გაუბედურებულ ყოფაში, სიხალისის უნარს გიჩლუნგებს…
ჰო, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო, საბურთალოზე, ასე ათიოდე წლის წინათ, რომელიღაც ”უბნის ექიმთან” მოვხდი. მეუღლეც თან მახლდა. ”გამსინჯა”, რაღაცეები ფურცელზე მიინიშნა და მერე წამლების გამოწერას შეუდგა. რას მიწერთ? დავინტერესდი. წნევის წამალსო… არა, ზედმეტად წამლის მიღებას ვერიდები, ხალისიანად მივუგე… შენს ასაკში, ეს აუცილებელიაო (მაშინ, 65 წლისა გახდით). გმადლობთ, ისედაც იოლად გავალ, ჩემი წამალი დილით წავარჯიშებაა… წინაკოტრიალი და ბეჭყირა მეთქი…
ჰოდა, ტვინში, რომ გაგჭედავს მერეც იხტუნავეო… თვალები აემღვრა, ალბათ, იმაზე წამოენთო რეცეპტების გამოწერა, რომ ვერ შეძლო… გამოაწერინო, თავს რატომ აწყევლინებო… მიჩურჩულა მეუღლემ, მაგრამ მე ისევ ვიღიმებოდი, გმადლობთ მზრუნველობისთვის და ჯანმრთელად მეყოლეთ… თავი დავუქნიე და… მართალია, მერე, მისი ჯანმრთელობის ამბავის, მოკითხვის საშუალება, მერე არ მომეცა, მაგრამ მე მას მერე ათი წელი, ისე განვლე, ე.წ. ”წნევა” ღვთის წყალობით ნამდვილად არ ”მიტევს”.
ჰო ქალბატონი, ჩემზე ბევრად ახალგაზრდა გახლდათ, არცთუ ურიგო გარეგნობის, მაგრამ აბურდულ თმასა და აჩაჩულ ჩაცმულობაზე ეტყობოდა, თავის მოვლა ეზარებოდა… ჰო, ზოგი, ამგვარი აგრესიით, საკუთარ მეს ამკვიდრებს… მაგრამ, ბევრად სარისკოა, როცა პიროვნება საკუთარ თავს, ვერ მორევია… ანუ თავად არიან უსიამოდ აკვიატებული აზრების ტყვეობაში და მათი დაშოშმონებას ვერ ახერხებენ…
დაეუფლეთ ჰარმონიულად განვითარების ხელოვნებას! _მსგავს თემებზე, უამრავ მოწოდებას და ”რეცეპტურას” წააწყდებით მასმედიაში…
ისე, პატივცემულ მკითხველს გავუმხელ, რომ არავის დამოძღვრებას არ ვაპირებ… უბრალოდ, საკუთარი სააზროვნო უნარის გადამოწმებაში ვვარჯიშობ… პერსპექტივაში კი, მოსალოდნელია, მომავალში ნატურმოაზროვნეთა ჩანაწერები, ვირტუალური სამყაროსგან დეგრადირებული თაობის გონების საამქვეყნოდ მობრუნებისთვის გამოიყენონ…
_ნუთუ, შესაძლოა, აქამდე დავიდეთ?!
_თუ ასე გაგრძელდა და პროფილაქტური ზომები არ იქნა მიღებული…
”ინტელექტი (ლათინურიდან intellectus — განსჯა, გაგება, შეცნობა) ხშირად გამოყენებადი სიტყვაა, და იშვიათად იპოვით ადამიანს, რომელმაც მისი არსი, შინაარსი არ იცის…” მაგრამ, ამას ასე დამაჯერებლად, ძველად ამბობდნენ, ახლა კი… მაინცადამაინც აღარ ფასობს, ფლობს თუ არა პიროვნება აზროვნების მრავალფეროვან თვისებებსა და ხერხებს… უახლოესი ტექნოლოგიები რიგ ყოფით საკითხებზე მზა პასუხებს იძლევიან.
ვაშაა!!! კიდევ ერთი ახალი მოდელის აიფონის პრეზენტაცია შედგება… _ ახალგაზრდა თაობათა ჩვეულ აღტყინებად იქცა… თუმცა, ზოგი ძველგაზრდა და თავად სასულიერო პირებიც ხარობენ მსგავსი შენაძენებით. არა, არც არვის განვიკითხავ… ეს დროის ფაქტორია… მაგრამ მისი ”ჭკვიანი ფუნქციები” მათზე ბრმად მინდობილ თაობას, მიჯაჭვულობას უჩენს. და ბევრ მოზარდს, უკვე არ შეუძლია დამოუკიდებლად გამართული შეკითხვის დასმა…
ამგვარ პროგრესს ვეღარ შეაჩერებ, ოღონდ, ყოველივე აახლოებს პროცესს, რამაც, შესაძლებელია ”ჰომოსაპიენსი” სამუზეუმო ექსპონატად აქციოს… თავდაპირველად კი მასში სტერეოტიპული აზროვნება გაბატონდება.
”ინფორმირებულნი”, ხშირად იმოძღვრებიან თუ ქვეყნის წინსვლა გინდათ, განავითარეთ კრეატიულობა, წარმოსახვითი მრავალფეროვნება, ინიციატივა, ლიდერული თვისებები და ისწავლეთ პროცესების მართვაო… (ისე შეგახსენებთ _ უცხვირპიროთა ან რეგვენთა ლიდერობა, რომ ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს მოიცავს, მეტისმეტად შეინიშნება…) იმაზეც გვაფრთხილებენ, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, სტანდარტული ”აიქუს” მქონე ადამიანებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას თვითგადარჩენა გაუჭირდება. ზოგნი გვაიმედებს, ამ მხრივ საფრთხე გაზვიადებულია, რადგან რობოტებს არ გააჩნიათ ხატოვანი აზროვნება, შემეცნება, ინტუიცია და სხვა ნატიფი, მხოლოდ ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი შეგრძნებანიო, თუმც, ჩვეული მოკვდავი, ვერ განსაზღვრავს სამყაროს გონში, კიდევ რა რეზერვებია, ალტერნატული ”საზროვნო მექანიზმის” განსავითარებლად… მომავლის ზეგონსა, თუ უმაღლეს სააზროვნო ჭკვას, შესაძლოა, საერთოდ არ უღირდეს იმის გარკვევა და გაანალიზება თუ რას გრძნობს ადამიანი ამა თუ იმ ემოციური დატვირთვის დროს, და ახლა, ასე გაღმერთებული ცნება ”სიყვარული”, უკაცრავად საზოგადოებასთან, მაგრამ ”ფეხებზეც ქე დაიკიდოს” (ღონდ, ვინმემ არ დამიწყოს კამათი, ”სუპერგონს”, ფეხები რაში დასჭირდებაო?!”).სიმართლე ისაა, რომ დღევანდელი მიხვედრილობით, გამჭრიახობით სავსე ადამიანი არაფრით ისურვებს, უსიყვარულოდ სიცოცხლეს… შესაძლოა, გარკვეულ, ვთქვათ პარალელურ სივრცეში, ამგვარი სიცოცხლეც ქე არსებობდეს, რომელიც, ჩვენდა ფარულად, ისე როგორც ჩვენი, ერთიანი სამყაროს ორგანული ნაწილია, რათა, ერთთავად ემოციური ტურბელანტობისგან განიტვირთოს…
ჩვენს ყოფაში კი, შესამჩნევია, ადამიანები თავდაპირველად, გაცნობილი სუბიექტის ”აიქიუს” არ იკვლევენ… აგერ, შესაძლოა, შეღერებულ ყმაწვილსა თუ ხანდაზმულ მამაკაცს ქალის ლამაზ მკერდზე შეუფრთხიალდეს მზერა ან… მოდი მკერდზე შევჩერდეთ… ჰოდა, წამისმიერად შეუყვარდეს, იქმდე უცნობი არსება და იმგვარი მიჯაჭვულობა იგრძნოს, რომ მასთან გატარებული სიცოცხლის მანძილზე, თავად უცაბედად ”მოვლენილი” პიროვნების საზრიანობის ავკარგით, არც დაინტერესდეს… არ უნდა დაგვავიწყდეს, ადამიანს ახასიათებს, თვითგადარჩენისთვის თანდაყოლილი სხვა თვისებები: ინტუიცია, მოხერხებულობა, გაქნილობა და მაინდამანც მოვალე არაა, სხვისი თუ თავისი საქციელი გაანალიზოს, ზოგი წამითაც არ ჩაფიქრდება… ბოლო ჟამს, შეინიშნება, რომ მასმედიიდან ინფორმირებულნი, ფიქრგაღარიბებული ”პერსონები”, თავისებური მოხერხებულობის წყალობით ”ალაგებენ” კულტურას, ანუ ახალგაზრდა თაობის დიდ ნაწილს, ინტერნეტში გვრცელებულ სახელოვნებო თუ ლიტერატურულ წარმოდგენებისდა მიხედვით, მათთვის მოსაწონ მიდრეკილებებით ტვირთავენ… და რა გამოდის, ნაღდი ინტელექტუალის ნააზრევს, ნაღვაწს, სხვადასხვა ჯურის ყოყოჩები უწევენ ”ექსპლოტაციას”... ასე, რომ, რეალურად, ისინიც აყალიბებენ ამა თუ იმ თაობის ”გემოვნებას”.არადა, მათში ღვთისადმი მოწიწება ნაკლებად შეინიშნება.იმის მინიშნება მინდა, რომ ხანდაზმულთა მიმართ ახალგაზრდა თაობათა ამგვარ გაუცხოებაში, სხვათა ე.წ. ”თავისუფლებაში დაწინაურებულ” თემთა მიმართ მიმბაძველობას უდევს ”ლომის” წილი.
აინშტაინს კი უთქვამს: ”მეცნიერება რელიგიის გარეშე არასრულფასოვანია, რელიგია კი მეცნიერების გარეშე ბრმაა…”
თუმც, ილია ჭავჭავაძემ 1896 წელს გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს, ჩვეული უშუალობით ხატოვნად გაგვიმხილა:
ამონარიდები მისი გამოსათხოვარი სიტყვიდან:
”ქვეყანა, ბატონებო, სავსეა ხილულითა და არა-ხილულითა ადამიანის სულიერ და ხორციელ თვალისათვის. ერთის ბრძნისა არ იყოს, „ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი-კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ“. ...პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული. ...ეს იყო მისი სიმბოლო, ეს იყო მისი განათლებული რწმენა, ეს იყო მისი გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება, ეს იყო ის, რასაც სიბრძნეს ეძახიან და რის გარედ მსახურება თვისი მსახურებად არ მიაჩნდა, ღვაწლი - ღვაწლად, მადლი - მადლად, საქმე - საქმედ. არ არის არც ერთი მაგალითი, რომ სადმე და რაშიმე ესუსტნოს ამ რწმენისათვის, პირიქით, თვისი ხანგრძლივი სამსახური მარტო ამ რწმენას შესწირა და შეალია. კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისაო, - ამას მარტო ღრმადმეცნიერული სარწმუნოება იტყვის და ამისთანა სარწმუნოებისა იყო იგი, ვისიც სიბრძნე მარტო ჩვენ არ გვანცვიფრებს…”
***ისე, აინშტაინი 1879 წელს დაბადებულა…
…არა, არ დამვიწყნია, წერილი, უფრორე ხანდაზმულთა აბუჩად აგდების ტენდეციაზე წამოვიწყე…
არ დავიზარებ და კვლავ მოვიგონებ:
დაბერებასაც ნიჭი უნდა…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მოვლისა,
საკუთარ თავთან დაზავების,
დამეგობრების,
გაფანტულ ძალთა შემოკრების
და განმტკიცების,
ნიჭი დათმენის, შემეცნების,
სხვა შემართების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მორჩილი,
ნერვთა და კუნთთა დამგეშავი,
სიმხნევის მჩენი,
ნიჭი მეოხი, შემწედ მისვლის,
ჭირთამძლეობის,
დარდთან მოქნილად გამკლავების,
განმარტოების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი უდრეკი,
დროის სივრცეში შეღწევის და
გადანაცვლების…
ნიჭი სრულყოფის მოწადინე,
ლოცვით ნაგეში, _
ცნება ”სიკვდილთან” მოთამაშე,
ფერიცვალების…
დაბერებასაც ნიჭი უნდა,
ნიჭი მოვლისა…
***
11.02.2002
კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში” თბილისი, 2010
კეთილი სურვილებით...
*ჯ.გ.
*
ჰო, ამ ჟესტმა, (სახელწოდება ”ხალისი”) გვარიანად შემახალისა…
ხალისი _ მონდომება, გაკეთების სურვილი
”ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.”
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
*Janri Gogeshvili (author) on AuthorsDen
* © გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”