”კუთხის პაიკი”
ესსე
”ჭადრაკი ცხოვრებაა” _ბობ ფიშრი
მსგავსი რამ სხვასაც ექნება ”დაგემოვნებული”, მაგრამ, ექსცენტრიული რობერტ ჯეიმზ „ბობი“ ფიშერი, ამ მინიშნებას, სულ სხვა გემოს ჩაატანდა.
ჭადრაკისადმი ინტერესი, შაშის თამაშის პარალერულად გამიჩნდა; შაში კი, ქალაქელ დამსვენებლებისგან შევისწავლე. თავად შაშთან გაცნობა, ლოტოს თამაშს მიება, რომელიც ”ფურთისა” და ”დურაქას” თამაშს ჩაენაცვლებოდა ხოლმე. ნარდიც იქვე იყო… თუმც, ჭადრაკს ყველა, როდი ეტანებოდა, და არც იოლი ასათვისებელი გამოდგა, მაგრამ მაძიებლის ინტერესი მქონდა და თამაშ-თამაშ საჭადრაკო “ანაბანას” დავეუფლე.
მერე კლასში საუკეთესო ვიყავი, თუმც, მოპაექრე მხოლოდ, ერთი კნაჭა გოგო იყო, რომელმაც ეს თამაში, იმიტომ ისწავლა, რომ ჩემი გამოწვევა შეძლებოდა.
ოღონდ, ჩემს ბავშვობისდროინდელ ”საჭადრაკო ბიოგრაფიაში”, ბევრად უფრო საგულისხმო მოვლენა მერე მოხდა; ასე,
მეოთხე კლასისის მოსწავლე ვიქნებოდი, როცა ერთხელ, მამაჩემთან ერთად,
ჩვენთან სტუმრად მოსულმა სანდომიანმა მამაკაცმა, ხელში საგანგებოდ შემზადებული, სქელყდიანი,
ჭადრაკის ფიგურებით ყდამოხატული წიგნი მაჩუქა.
_აბა შენ იცი, გვასახელე!_მითხრა მერე,_კეთილად იღიმებოდა. და მორიგი მიპატიჟების შემდეგ მამაჩემთან ერთად სხვა ოთახში გავიდა.
წიგნი თამამად გადავშალე. ყდის შიგა მხარეს ლამაზი კალიგრაფიით მინაწერი ამოვიკითხე.
”მომავალ ჩემპიონს…”
სხვა სიტყვები არ მახსოვს,
მჩუქებლის ხელმოწერას მაშინვე ინტერესით ჩავეძიე და მალე,
ჩემი დის მეშვეობით ვიცოდი, წიგნის მჩუქებელი დავით ცინცაბაძე გახლდათ; ლანჩხუთის ჩაისგადამამუშავებელი ფაბრიკის დირექტორი.
ჰო,
ის კი,
მახსოვს, როცა ”მომავალ ჩემპიონს…”
ამოვიკითხე, ცოტა არ იყოს მეუხერხულა, ალბათ მაშინვე ვიგრძენი, ”ჩემპიონობამდე” ვერ გავქაჩავდი, მაგრამ საჩუქარი, იმაში, ნამდვილად დამეხმარა, რომ ჭადრაკის თამაში უკეთ გამეთავისებინა.
მერე და მერე, რა თქმა უნდა, სხვა სათავგადასავლო ამბებით გატაცებულს, ჭადრაკისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა.
ისე კი, ყმაწვილობიდანვე ამედევნა აკაკი წერეთლის მამის, გამოჩენილი მოჭადრაკის როსტომ წერეთლის თამაშის განსაკუთრებული მანერა, რის გამოც რუსი პოლკოვნიკი, რომელსაც მასთან რამდენიმე ხელი ზედიზედ წაუგია, ბრიყვულად გაწიწმატებულა: ”თქვენ, როგორც პირველსავე გამოსვლაზე გეტყობათ, თეორია არ უნდა იცოდეთო. კუთხის პაიკი რა ხელმოსაკიდებელი იყოო?”
”ჩვენ, ქართველებმა, ერთი კანონის მეტი არ ვიცით რა: ისე უნდა ეთამაშო, რომ მოპირდაპირეს მოუგო.”, უჯახებია გენერალ-გუბერნატორის გ. ერისთავს მიერ შესახელებულ მოპაექრისთვის ქართველ თავადს.
ერთხანს ”კუთხის პაიკით” თამაშის დაწყება მეც მიტაცებდა, ეს თავისებურ ზეგავლენას ახდენდა, საჭადრაკო თეორიებში, ჩემზე მეტად განსწავლულებში. მართალია, თავად როსტომ წერეთელივით გამოჩენილ მოჭადრაკედ, ვერ შევდექი, მაგრამ იმ პირობაზე, რასაც თვითგანვითარება ჰქვია, საკმაოდ მოვძლიერდი; ზოგ მეგობართან ჭადრაკის იდუმალებნარევი თამაშით გატაცებულს ღამეებიც მითენებია… ზოგჯერ, თავის სანაცნობოში წარმატებულ მოჭადრაკედ ცნობილი, ”შურისმაძიებლურ” განცდებს აყოლილი მოპაექრე, ღრმა საგონებელშიც კი ჩამიგდია, ერთი ორჯერ, სანაძლეოც ქე მომიგია… მაგრამ ახლა, კაი ხანია, მოპაექრენი, ვითარებათა გამო შემომეცალნენ, და სათამაშო დაფას, მარტოდ და ორაზროვნულად შევრჩი…
თუმც, ჭადრაკს ჩემი ოჯახის ყველა წევრი თამშობს… მაგრამ ინტერნეტის ეპოქამ ბავშვები კი არა, მეც გვარიანად შემიცვალა ცხოვრების რიტმი… ბედად, ორი ათეული წლის წინათ, ჩემმა მეუღლემ პოეტმა და პროზაიკოსმა ცირა გოგეშვილმა, საჭადრაკო დაფაზე განვითარებულ მოვლენებს მშვენიერი შემეცნებითი ლექსი ”საჭადრაკო ბალადა” მიუძღვნა; ჭადრაკისადმი ინტერესი ბავშობიდანვე მოსდგამდა; თანაც, მოსწავლეობისას, ძველი თბილისის სკოლების მაშტაბით ჩატარებულ საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახლდათ.
შემეცნებითი სტროფების გამოცემა, რა თქმა უნდა, როგორც პროფესიონალმა გამომცემელმა, ხალისიანად ვითავე, შევავსე რა სათანადო განმარტებებითა და საჭადრაკო ცნობარით.
”ჭადრაკი ცხოვრებაა”, ჭადრაკში, ისე როგორც ცხოვრებაშიც არსებობს მოულოდნელობები, რასაც სხვადასხვა ”თეორიებითა და კანონებით” ვერ განსჭვრეტ… ნებსით თუ უნებლიეთ მე და ჩემს მეუღლეს ჭადრაკის პოპულარიზაცია გვხვდა წილად. ერთი პირობა, ბროშურის გავრცელებას, ჭადრაკის სასახლის მაშინდელმა თანამშრომელმა, ცნობილმა ეტიუდისტმა, საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშორისო დიდოსტატმა, უამრავი წარმატების მქონე და რაც მთავარია, გამორჩევით გულისხმიერმა ადამიანმა დავით გურგენიძემაც კი შეუწყო ხელი. კვალად ამისა, ცირას მეტაფორულმა სტროფებმა, საყოველთაოდ ცნობილი, სასიქადულო ქალბატონის ნონა გაფრინდაშვილს მოწონებაც დაიმსახურა…
იმის თქმა მინდა, რომ ყოველ კეთილ წამოწყებაში, უმთავრესი, სიყვარული და ხალასი სწრაფვაა… შესაძლოა, ხელოვნებისა ან მეცნიერების რომელიმე დარგი დიდოსტატის, ან აკადემიკოსის დონეზე არ იცოდეთ, მაგრამ რომელიმე მათგანის პოპულარიზაცია, იმგვარად გულანთებულმა შეძლოთ, რომ სხვას, მთელი მისი ცხოვრების მიზნად დააბედოთ.
და ერთხელ, ამ მიმართებით, თითქოსდა ”მისიონერული” როლი, მეც კი მერგო…
ბინა, რომ გამოვიცვალეთ (გავყიდეთ, ვიყიდეთ, გავფართოვდით, და ასე შემდეგ…), რა თქმა უნდა, კორპუსის შემოგარენის უკეთ გაცნობის სურვილიც მეწვია.
ჰოდა, მიჯრით მიწყობილი კორპუსების შუა მდებარე, ხანდაზმულ კაცთა შესაკრებ სივრცეში (სამიოდე მაგიდა და ორიოდე გრძელი სკამი) უძლირეს მოშაშეს რეზოსაც გადავაწყდი. ჯანსაღი იერის, სამოც წელს გადაცილებული კაცი იყო.
შაშის თამაშით მეტისმეტად გახლდათ გატაცებული, როგორც ჩანდა, ამ ამბავში, საახლობლოში, სამსახურსა და სამეზობლოში ლამის საუკეთესოდ ითვლებოდა. შეკრებილებს ხალისიანად მივესალმე და ნაჩქარევად ჩავუარე.
_მეზობელო!_უმალ დამადევნა რეზომ.
_მერე იყოს…_მივუხვდი მე და გზა საქმიანად გავაგრძელე.
მერე, კარგა ხანს გადაიდო, რადგან ეზოში სასეირნოდ ვერ მოვიცალე, მაგრამ ერთხელაც მაღაზიისკენ მიმავალს რეზო, თითქოსდა საგანგებოდ გადამეყარა. გულთბილად მომიკითხა და უმალ შემომაპარა:
_ერთი ხელი ხომ არ გვეთამაშა…
_ოღონდ, მეთვალყურეების გარეშე…_გავუპირდი.
_მაშინ, მეათე კოეპუსთან გავიდეთ, ერთი დამკა იქაც მაქვს გადანახული.
_კი მაგრამ, წესიერი თამაში, იქნებ, არცკი ვიცი…_ გავაფრთხილე მე.
_არაფრით არ იქნება, შენზე მითხრეს განათლებული კაციაო…_გაიკრიჭა იგი,_ წაგების ხომ არ გეშინია?!_გამომიწვია.
_გასაგებია, აბა ვცადოთ…_არ გავაწბილე და ერთმანეთს გამოვეცნაურეთ.
ქვის მაგიდასთან არავინ იყო, და ჩვენც ხალისიანად მოვეწყვეთ. პირველი ორი ხელი წავაგე, მაგრამ არ ვღელავდი, ვიცოდი ჩვეული მოთელვის შემდეგ შემართება მეწვეოდა.
რეზომ კი, აღარ დააყოვნა და დამარიგა:
_გცოდნია თამაში, მაგრამ…
_ნუ იჩქარებ, ვუთხარი მე…
_კაი კაცო…_თითქოს დამცინა საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულმა, მაგრამ ზედიზედ, ასე ათამდე ხელი მოვუგე, და გავაფრთხილე,_კიდევ ორი და ვწყვეტ…
მოულოდნელად საიდანღაც პატარა, თმახუჭუჭა ბიჭმა მოირბინა, ღიმილით შემომხედა და რეზოს ყურში, რაღაც შესჩურჩულა:
_ჰო, კარგი, ოღონდ იცოდე, შორს არ წახვიდე…_ჯიბიდან ლარიანის მონეტა ამოიღო და მისცა. ბიჭი უმალვე გაიქცა…
_ამის მიმხედავად ვარ, ვერაფერს ვერ უდებს გულს, სკოლიდან იპარება და უაზროდ დახეტიალობს…_დაიჩივლა გუნებაწამხდარმა ბაბუამ.
_მერე შაში არ ასწავლე…
_არ აინტერესებს, ვის დაემსგავსა ასეთი…
შევამჩნიე, ორიოდე მეზობლი გვიახლოვდებოდა და მეც რეზოს უმალ მოვუბოდიშე… მეგობარი მელოდება მეთქი…
_მოგიგო, თუ რა?!_ჰკითხა ნირწამხდარს მეზობლის ბიჭმა.
_ცოდნია თამაში…_უხალისოდ ჩაილაპარაკა მან.
ამ ამბის შემდეგ, ეს ”უწყინარი” კაცი თავისებურად ჩამისაფრდა: ოღონდ, იშვიათად მიგებდა და ერთხელაც გაბეზრებულმა ვუთხარი, არ გეწყინოს, მაგრამ მომბეზრდა ეს ცარიელი შაში მეთქი.
_აბა, სავსე რა არის?!-მკითხა ნაწყენმა.
_ჭადრაკი!_ვუპასუხე ხალისიანად.
_ნარდი უფრო ძნელია…_გამოწვევას ჰგავდა.
_კარგი, ნარდი ვითამაშოთ…
ნარდსაც, ისე რა, ვთამაშობდი, მაგრამ ჩვენი პაექრობა საინტერესოდ გამოდგა… ხან მას მოსდიოდა კამათელი, ხან მე მიმართლებდა, ზოგჯერ, ზედიზედ მოვუგე კიდეც. ამან ჩემდამი რიდი გუჩინა და გამომიტყდა:
_შახმატის თამაში არ ვიცი, არ მქონდა დრო…
_არც მე ვარ გროსმაისტერი, მაგრამ ამ თამაშის ანაბანას შეგასწავლი…_მივუგე სხარტად, შენ, აქ დამელოდე…_ბინაში ავედი, მეუღლის, ავტორობით გამოცემული ”საჭადრაკო ბალადა” მოვიძიე და იმის იმედით, რომ ერთხანს, მისი ”საპაექრო” ჩაძიებისგან განვთავისუფლდებოდი, უკან ხალისიანად დავბრუნდი.
_ვა, მწერალია?_ დაინტერესდა იგი.
_ჭადრაკის შესწავლის მოსურნესთვის მშვენიერი სტიმულ-სტროფებია…_თავისებურად მივუქარაგმე მე და ამაყად გადავეცი.
_პოეტი ყოფილა?!_და სახოვნად დაბეჭდილი შესავლის კითხვა დინჯად დაიწყო, _ჭადრაკი მხოლოდ ხელოვნებაა, აქაც ყოფილა პოეზია,, გალაქტიონი. შენ, პატარავ!_დაკვირვებით შემომხედა…
_ეგ ხომ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმც, ბევრ ასაკოვანსაც წაადგება…_გავუღიმე.
_ვნახოთ!_იჭვნეულად მიპასუხა.
მე ბროშურა დავიბრუნე და საგანგებოდ წავუკითხე:
_პოეტური ლაკონიურობითა და სისხარტით წარმოჩენილი საჭადრაკო სცენები, მოულოდნელი ცვლილებებითა და გართულებებით, გაგართობს და დაგაფიქრებს… წრფელ, უშუალო ინტერესს აღგიძრავს ამ სანაქებო თამაშის მიმართ… თამაშის არსისა თუ ასპარეზის, ფიგურების გარეგნულ ნიშანთა თუ დანიშნულებების, თამაშის წესებისა თუ სხვა საჭადრაკო ტერმინოლოგიათა სრულ ახსნა-განმარტებებს კი ბოლო გვერდზე დართულ საჭადრაკო ცნობარში იხილავ… მას ასე, გაერთე და შეიმეცნე! რედაქტორი,_წამიერი პაუზა, მეტყვლად გამოვხატე და ხაზგასმით წარმოვთქვი,_რეცეზენტი ბუხუტი გურგენიძე, _ პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში…
მსმენელმა, კვლავ იჭვნეულად შემომხედა…
_ეს, ის ბუხუტია? კი, ტელევიზორიდან მახსოვს…_ჩაილაპარაკა ინტერესით.
_ჰო, ისაა, პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი!_დავუდასტურე მე.
_მაგარი რედაქტორი ყოლია…_ხაზგასმით წრმოთქვა მან.
_ჰო, მაგრამ, ბატონი ბუხუტი რეცენზენტია… რედაქტორი მე ვარ!_განვუმარტე უნებლიეთ.
_აბა, შენ ბუხუტიზე მეტი ყოფილხარ?!-გაიოცა მან.
_არა, აქ მეტობა რა შუაშია, მე ამ გამოცემის რედაქტორი ვარ, ბატონმა ბუხუტიმ კი, ამ გამოცემის შინაარსის ვარგისიანობა გადაამოწმა._ბროშურა უკან დავუბრუნე.
_ოოო! _მან იგი სწრაფად გადაფურცლა და ბალადის ბოლო სტროფს დაადგა თვალი, ყინჩად წიკითხა:
_არ შედგა სამეფო კარზე
განსჯა, ბჭობა და კამათი…
ხელმწიფე-მხედარმთავარმა
ასე იწვნია შამათი!..”_
განსჯა, ბჭობა და კამათი…
ხელმწიფე-მხედარმთავარმა
ასე იწვნია შამათი!..”_
ჩაიცინა.
_რა ბოლოდან დაიწყე …_შევნიშნე მე.
რეზომ პირველ გვერდზე გადაინაცვლა და კითხვა ისევ თავმომწონედ გააგრძელა:
”_თამაში გახლავთ გონების
სტრატეგიების და რაკი,
მეფე დგას მეფის წინაშე,
იბრძვის სამეფო ბადრაგი…
თეთრი და შავი ტოლ-სწორი
სამოცდაოთხი კვადრატით,
საასპარეზო მოედანს
სახელად შერჩა ჭადრაკი…
ორი ეტლი _ წყვილი მხედრით,
ორიც მალემსრბოლი კუ,
მეფე, ცელქი დედოფალით,
ეტრფის ძნელ გზებს მოლიპულს…”
სტრატეგიების და რაკი,
მეფე დგას მეფის წინაშე,
იბრძვის სამეფო ბადრაგი…
თეთრი და შავი ტოლ-სწორი
სამოცდაოთხი კვადრატით,
საასპარეზო მოედანს
სახელად შერჩა ჭადრაკი…
ორი ეტლი _ წყვილი მხედრით,
ორიც მალემსრბოლი კუ,
მეფე, ცელქი დედოფალით,
ეტრფის ძნელ გზებს მოლიპულს…”
და უცებ, იმედგაცრუებულივით მისაყვედურა,-ჰო, მაგრამ ამეებით, რა უნდა ვისწავლო?!
_ჰომ გითხარი, ბოლო გვერდებზე საჭადრაკო ცნობარი აქვს დართული…
_აა…_ბოლო გვერდს ზანტად დახედა.
_თუ გულდასმით წაიკითხავ, ჭადრაკზე წარმოდგენა შეგექმნება, მერე კი, თითოელი სვლა ჭადრაკის დაფაზე უნდა გაითამაშო…
_ ჩახლართული ამბავია…
_ჰოდა, შენი შვილიშვილი გაერკვევა…
_მოიკლავს თავს…_თითქოს მე დამცინა,_დამკის თამაში ვერაფრით ვერ ვასწავლე, ერთ ადგილზე დაჯდომა ეზარება…
და ამ დროს ხუჭუჭთმიანმა ბიჭმაც ჩვეულებისამებრ მოაკითხა, სანამ ”მეთვალყურეს” რამეს ეტყოდა, თავდაპირველად ბროშურის ყდა შეათვალერა და მის ქვედა ნაწილში ორლესურის შავ ფონზე თეთრად ნაბეჭდი დაახელება, ჩაძიებით ამოიკითხა:
_კიდევაც დაიზრდებიან…
”საიდან სად მოძებნა…” გავიფიქრე უნებლიეთ და შევაქე:
_მახვილი თვალი გაქვს…
მან კი, ბაბუას უმალ გამოართვა ბროშურა და მისი ორივე მხარე გადაამოწმა.
_შენ იცი?_სხარტად ჰკითხა ბაბუას.
_არა, მაგისთვის, ვერ მოვიცალე…_თითქოს თავი იმართლა.
ბიჭმა ნიშნისმოგებით ჩაიცინა.
_დამკა, დამკა, დამკა, დამკა…_წაიმღერა უცებ.
_რომ გავუბრაზდები, ასე მეპასუხება…_თავი იმართლა ბაბუამ.
_შეგიძლია, პირდაპირ საჭადრაკო ცნობარი წაიკითხო, ბოლო გვერდებზეა დაბეჭდილი…_შევეშველე ბიჭს და მანაც ცნობისმოყვარედ დაიწყო ტექსტის კითხვა.
ბაბუამისმა გაკვირვებით შემომხედა.
მე კი ვანიშნე, არ შეაწყვეტინო მეთქი და ჩუმად გამოვემშვიდობე.
მერე ისე მოხდა, რომ რაღაც ჩაირღვა მე და ”მეშაშის” ურთიერთობაში. თითქოსდა ერთმანეთს თავს ვარიდებდით.
თუმც, ზაფხული იმ დღეებში, მეც იშვიათად ვიყავი შინ, ქალაგგარეთ ბაღში მშენებლობა წამოვიწყე და ხან ერთ ხელოსან და ხან მეორეს ვედექი დამხმარედ, ზოგჯერ კი, მარტოდ მიწევდა, საძირკვლის ჩასხმა თუ რკინის ბოძების ჩაბეტონება და რა თქმა უნდა, ქალაქური ცხოვრებაცა და ”მეშაშეც” მივიწყებული მქონდა.
ერთხელაც, შემოდგომაზე შინ, რომ ვბრუნდებოდი, კორპუსისკენ ამავალ ბილიკზე კოხტად ჩაცმული კაცი შემომეგება.
გაოცებით შევათვალიერე.
_ვერ მიცანი? რეზო ვარ!_და თვისი ვინაობის წარმოსაჩენად ლაღად მომმართა:
_ბრძოლაც ხდება სახალისო,
მეციხოვნეც, მეთოფეც…
თუ წინ გიდგას ჭკვიანი და
ღირსეული მეტოქე!
მეციხოვნეც, მეთოფეც…
თუ წინ გიდგას ჭკვიანი და
ღირსეული მეტოქე!
_ოო, გამარჯობა!_ ხელი ჩამოვართვი,_რა ხდება?!.
_გასაკვირი ამბავი, ეს ჩემი შვილიშვილი, რომ ჩააფრინდა, ამ შენს ნაჩუქარ წიგნს, არ მოეშვა, ინტერნეტიც წაიხმარა, საჭადრაკო წრეშიც ჩაეწერა და… ისე მოწესრიგდა, რომ ყველა გაოცებული ვართ… ჰოდა, ამ კვირას, თქვენ და თქვენს მეუღლეს სადილად გეპატიჟებით…
_გმადლობთ, გამახარეთ, შევეცდებით…
_არა თუ კაცი ხარ, არ დამაღალატიანო, გიომ თავისი მასწავლებელი და მისი მეგობარიც მოიწვია, ერთ ორ ხელს ჭადრაკს ითამაშებთ და მერე, ოღონდ იცოდე თანრიგოსნები არიან…
შევყოყმანდი…
_ხომ არ შეშინდი!_არ დააყოვნა მან, ბუხუტის მოწვევაც მინდოდა, მაგრამ გარდაცვლილა დალოცვილი.
_ჰო, სამწუხაროდ…_მეხსიერებაში ბატონი ბუხუტის ორაზროვნული გამოხედვა გამიკრთა,__ეგენი თუ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონთან შესახვედრად ემზადებოდნენ…
_არა, მაგათ მითხრეს გარდაიცვალაო… ისე გიოს მწვრთნელს ეროვნული ოსტატის წოდება აქვს მოპოვებული… გიოს ნიჭი უცებ გამოარჩია… საიდუმლოდ მითხრა, ზედმეტად რისკიანია, მაგრამ უმართლებსო…საჭადრაკო დაფის ხედვას უქებენ ძაან, აქეთ, რომ იყურება, მთავარს იქით ამჩნევს… ის კი არა, პტარა გოგომც, ჯერ წერა-კითხვა არ იცის, მაგრამ აიჩემა ლაზიერი მინდა გამოვიდეო და ტიტინებს:
ქალი გახლავთ მოყვარული
მონადირე ბაზიერი,
ხელდასხმული წყება სვლებით,
ტაქტიკოსი ლაზიერი…
მონადირე ბაზიერი,
ხელდასხმული წყება სვლებით,
ტაქტიკოსი ლაზიერი…
_მშვენიერია, ხომ გახსოვს, ძველად ქალს მზითვად ვეფხისტყაოსანთან ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ… ისე კი, ქართველ ქალთა წარმატება განსაკუთრებით კი ნონა გაფრინდაშვილისა შენც მოგეხსენება…
_აბა რა, ახლა გაიხსენა, ჩემმა ქალმა, რომ დედამისს ნათესავად ეკუთვნოდა…
_აუ, რა საქმე გამიხსნია, მერე ამას გიმალავდა…
_ჰო, ახლა მეც ძაან დამაინტერესა მაგ თამაშმა…
__მერე შაში?!…_თითქოსდა წამომცდა.
_რას ამბობ, დამკას არაფრით ვუღალატებ, მაგრამ შიგადაშიგ შვილიშვილს მინდა დავემგავნო. ხანდახან, გიოც თამაშის სპარინგ_პარტნიორად მიყენებს… მალე, ალბათ კლასიკურ ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას…
_ძალზე მიხარია, _თავიდანვე მიგრძნო გულმა… არ უნდა დაიზარო კაცმა, ნახე, რა ამბები დაატრიალა ციცქნა ბროშურამ…_თითქოსდა საკუთარ თავს მივუქარაგმე.
_ციცქნა უძახე და ინტერესს ქე აჩენს…_და სხარტად გააგრძელა,_
უცებ შავმა რაშმა, დაჰკრა დაფს ფლოქვი,
კუსნაბიჯა მეფე ეტლს შეეკრა ძმობით!
დიდებული სვლაა, ამ სვლას ჰქვია როქი…
_ჰო, ნამდვილად, არ უღალატნია ჩემთვის ალღოს…
_ვუთხარი კიდეც ბიჭებს, კარგი მოჭადრაკეა მეთქი… ჰო, ისიდორე გოგეშვილის, ბაჩუკის ნათესავი ხომ არ არისო მკითხეს, ბათუმში ცნობილი მოჭადრაკე ყოფილა…
_კი ვიცი, ბევრი იგონებს ტკბილად… სამწუხაროდ არ ვიცნობდი…
_ეტყობა, ნიჭი, შენც გამოგყვა…
_არა, რას ამბობ, ახლა შეიძლება გიომც მაჯობოს…
_ჰოდა, ბარემ სუფრასთან დამილოცეთ, თანაც ჩემებს ძალიან უნდა, თქვენი გაცნობა, ჰო, თქვენი მეუღლის საჭადრაკო, ჩვენთან ძალზე პოპულარულია, თუ შემონახული გაქვთ და…
_ჰო, ჰო…_ვუთხარი დაბნეულმა.
_როდისთვის შევთანხმდით?_სტუმართმოყვარულად მომაცქერდა იგი…
_არ გეწყინოთ და ვერ შევძლებ, ერთი თვით ქალაქიდან ოჯახით გავდივარ!
_აუ, როგორ ვემზადებოდი…_ალალად შეწუხდა.
_მთავარია, გიოს წარმატება!_გავამხნევე.
_ჰო, ბიჭებს საჭადრაკო ფესტივალზე მიყავთ და მინდოდა გზა დაგველოცა…
_მერე აჯობებს, ბარემ, ახალ წარმატებებს მივულოცავ…_დავაიმედე.
_მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გითხრა, შენ რომ არა, ამ ღვთიურ თამაშს ვერ ვისწავლიდი, სამუდამოდ ჩავრჩებოდი შაშში!_გაიხუმრა მან.
თავისებურად შევფხიზლდი:
_სხვათაშორის, შაშიც ინტელექტუალური თამაშია, ბერძნული მითის მიხედვით მისი შემქნელი ღვთაება ჰერმესია, ჭადრაკი კი, ინდოეთში დიდი ფიქრისა და შრომის შემდეგ ვინმე სინმა გამოიგონა…_უცაბედად, ცოდნის გამომზერება მომინდა.
_ვინმე უძახე შენ და… კი ვიცი, მეექვსე საუკუნეში მომხდარა ეგ ამბავი…_შემომცინა,_ძაან მინდოდა, მსტუმრებოდით…
_მოვახერხებთ როგორმე…_აბა, დროებით…_კეთილად გამოვემშვიდობე.
_ჰო, ჰო, ექვსზე გია უნდა გამოვიყვანო… ისე, მაინც შეგეხმიანებით, თქვენი ტელეფონის ნომერი მაქვს…_ გვერდი მოხერხებულად ამიარა და ბილიკი ჩაირბინა.
”კარგი მოჭადრკე…”ჩამრჩა მეხსიერებაში,_”რა ხანია არ მითამაშია, ”ბეტონის კაი მზელავია, რომ ეთქვა, კიდევ ჰო…” თავი უხერხულად ვიგრძენი და უნებლიეთ ცნება კვინტენსსენცია გამახსენდა… ჰო, ალქიმიას უნდა მოვუხმო… გამოწვევა მიღებულია…_ბილიკს ღიმილით ავუყევი.
მერე, ისე მოხდა, რეზოს და მის შვილიშვილს ვეღარ შევხვდი, მალე მე და ჩემმა მეუღლემ კვლავ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა გადავწყვიტეთ.
ჭადრაკისთვის კარგა ხანს ვერ მოვიცალე, არადა შტეფან ცვაიგისა არ იყოს: „ჭადრაკი, ისევე როგორც სიყვარული, პარტნიორს ითხოვს.“ მე კი, მოპაექრენი, ვითარებათა გამო შემომეცალნენ... რა თქმა უნდა, ”კომპიუტერთან თამაშის” სტადიაც გამოვიარე, ამა თუ იმ ”დონეს” ვუგებდი კიდეც, მაგრამ ემოცია უმნიშვნელო მქონდა, მერე კომპიუტერული შახმატის მაღალმა დონემ, რამდენჯერმე გადავლით, რომ დამამარცხა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს წინასწარ გათვლილი ბრალდება გამომიტანეს, აარდა, იქეთა მხარეს, მაინც ყოველი დონისთვის, ჩვეული გულგრილობა სუფევდა. ერთგან ამოვიკითხე,
ადამიანმა ბოლო მოგება კომპიუტერულ შახმატთან 2005 წელს შეძლო. მას შემდეგ კომპიუტერული საჭადრაკო პროგრამები იმდენად ძლიერად განვითარდნენ, რომ მათ, ბუნების უშუალო პირმშო, ”გონიერი ადამიანი”, ალბათ ვეღარ მოუგებს. ყველაზე დიდი რეიტინგი, რომელსაც ოდესმე ადამიანმა მიაღწია დღევანდელი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის მაგნუს კარლსენის მიერ 2014 წელს იქნა დაფიქსირებული და იგი შეადგენს, _ 2882 . ეს ბევრად ნაკლებია, მძლავრ საშახმატო ძრავების მქონე რეიტინგთან, რომლიც 3400 ერთეულით აისახება… ასე რომ, ცვაიგისეული შეგონება „ჭადრაკი, ისევე როგორც სიყვარული, პარტნიორს ითხოვს.“ სუფთა ადამიანური გაგებით ფრიად წინდახედული და ლაკონურია.
აღმატებული ძრავის მქონე მოპაექრესთან რომ აგებ, რაღაცით წაგება, წინასწარ გამიზნულ სასჯელს ჰგავს, მოკლედ ადამიანი თავისი ემოციური სისავსით, წაგებისას თუ გამარჯვებისას მაინც სხვააა, და ”ვინმე სინმაც” იგი ადამიანურ გონებასა და ინტუიციაზე გათვალა.
ჰოდა, მეც ჭადრაკის სათამაშო დაფას, მარტოდ და ”ორაზროვნულად” შევრჩი…
ისე, ვგონებ, ამ ”ორაზროვნულობაში”, მარტო ჭადრაკის დაფა არ მოიაზრება…
ჯ.გ.
*
***
ჯანრი გოგეშვილის წიგნები
***
*
იხილეთ ნოველები და მოთხრობები
***
გრიგალში
*
ად,
ვინ, როგორ, რა ფერებში...
_ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა და ამერიკა…)...
*
***
*
Комментариев нет:
Отправить комментарий