_მოწყდით აქედან, მოწყდით! მოწყდით! მოწყდით!_რამდენჯერმე შევძახე დაბნეულმა და რომ ვიგრძენი, ის ერთი, მკერდწამოზიდული, აჯაგრული ბეწვით, თავხედურად მოიწევდა, ზემოთ ავხტი და მარჯვენა ფეხის ფეხსაცმლის წვერი, ყბის ქვემოდან ძლიერ ამოკარი.
საცოდავად დაიწკმუტუნა, დათრგუნული შებრუნდა და კუდამოძუებული წკავწკავით გალასლასდა.
დანარჩენმა ორმაც უმალ ჩაიკმიდეს ხმა, ნირწამხდარები გამეცალნენ.
_ასეა, სულ შიში ვარ…_შემეხმიანა ქვემოდან მომავალი ქალბატონი, _მშვიდად ვერ გამივლია…
_ჰო, ჭარბი დემოკრატობანას ბრალია… რა წამოელანდებათ, ღმერთმა უწყის…_ მანუგეშებლად შევეხმანე, თან თვალი მივადევნე, ზემოთკენ მიმავალს, საფრთხე, ხომ არ ემუქრებოდა.
თავდასხმა, რომ მოვიგერიე, სიხალისე კი მემჩნეოდა, მაგრამ წყენაც მქონდა; მე ხომ ძაღლებისადმი კეთილად ვიყავ განწყობილი. ეზოში ნაგვის გადასაყრელად თუ გასეირნების მიზნით ჩამოსული, აქა-იქ შექუჩებულებს, გულთბილად ვეხმიანებოდი, რამდენიმეს, მაღაზიაში შეძენილი პურის ჩამონატეხებითაც გავმასპინძლებივარ.
ბავშობაში, სოფელში, ნათესავის მიერ, ქალაქიდან ჩამოყვანილი გერმანული ნაგაზის ლეკვი, ”ტარზანი”, რომ შევარქვი, თითქმის ჩემი მეურვეობით გაიზარდა და მისი გონიერებითა და აღნაგობით თავს ვიწონებდი. მერე ჯარში, თავად მოვითხოვე, გარნიზონის განაპირას მდებარე ტყეში შემალულ ძაღლების სადგომთან მდებარე საცხოვრისში გამწესება, და ორ წელზე მეტი, მათი მოვლით, წვრთნითა და მეთვალყურეობით ვიყავ დაკავებული, რომან ”თეთრი კედელში” /ჯანრი გოგეშვილი თეთრი კედელი (რომანი) / Джанри Гогешвили БЕЛАЯ СТЕНА (роман) / Janri Gogeshvili WHITE WALL (novel) http://janrigogeshviliwhitewallnovel.blogspot.com/2011/12// საგულისხმო ეპიზოდები მაქვს, მათდამი მიძღვნილი, უფრო ადრე კი, ჩემი მოთხრობებიდან /ძაღლები _http://gogejanr.blogspot.com/2008/01/blog-post_19.html/ ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც მკითხველთა ინტერესი დაიმსახურა, ხომ ორი ძაღლის, ძუსა და ხვადის, ერთმანეთისადმი მძაფრად გამოხატულ მეგობრობა არის ასახული…/ მეორე კი, ”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl” _ დაინტერესებულთ შეუძლიათ იხილონ ვებ-გვერდი http://gogejanr-janrigogeshvili.blogspot.com/2009/04/rehabilitation-of-howl.html, თორემ თხრობა თემას ზედმეტად ამაცილებს, არის მესამეც… ჰო, აღარ გავგრძელდები, ამდენ ”ალიბს”, რომ ძაღლებს ვგულშემატკივრობ, საღადაო ელფერი ეძლევა…
_ამათ, რაზედ ამიჩემეს…_უნებლიეთ, ფეხსაცმელებზე დავიხედე… გუმანმა მიკარნახა, რომ მათ გაავებას, ფეხსაცმელები იწვევდა…-ჰო, მაშინაც, ის ყავისფერი, თითქმის გაწვა და ჩემს ფეხსაცმელებს, გაბმით უღრენდა…
ჰო, ეს ფეხსაცმელები შემოსასვლეში, ქვედა თაროზე დევს და ხშირად, ჩვენი ოჯახის საყვარელი კატების ”კვანტიუსისა” და ”ფარგოს” ინტერესს წარმოადგენს… ჰოდა, აბა, ძაღლს, კატის სუნს რას გამოაპარებ…
ძალზე საყვარელი არსებები არიან. თავისებურად გონიერები, კვანტიუსი, ზოგჯერ, ისე ღრმა ჩაძიებით იცქირება, უნებლიეთ ვეხუმრები, გაამხილე ძველ რომში, ტრიბუნის თანამდედობა ხომ არ გეკავა მეთქი, /რა თქმა უნდა, რეინკარაციის ცნებაზე მაქვს მინიშნება/. მერე აზრი მეცვლება და იმით ვინტერესდები. ძველ ეგვიპტეში ქურუმების, რომელ რანგს ამშვენებდი მეთქი; მისი, თეთრი ფერის ნაზი ბეწვი, იმდროინდელ ქურუმთა, თეთრი ფერის სელის სამოსის ასოციაციას აღძრავს, ალბათ ვაჭარბებ, და არას ვამბობ იმაზე, რომ ”კვანტიუსს”, აქა-იქ, შავი ლაქები გასდევს.
ზოგჯერ, თვალებს ისე ძალუმად მიპაჭუნებს, მგონი მეთანხმება… მაგრამ არ მგონია, ამ ქუჩებსა და ეზოებში, უპატრონოდ მიშვებულ ძაღლებს გააგებინოს რამე, თუმც თვალების ჩაპაჭუნებას ვინ აცლის და ვერც თავად მოიცლის, ამისთვის.
ძაღლისა და კატის შეხვედრისას, უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი ელვისებურად ხდება: კატა გარბის, ძაღლი თუ ძაღლები ლამის დასაფლეთად მისდევენ…
არადა, ბევრმა იცის, ”რა პატივში” ჰყავდათ ძველ ეგვიპტეში კატები… ბოლოს, წმინდა ცხოველის სტატუსიც გაინაღდა. ნაყოფიერების, სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი ბასტესი, ფრესკებსა და ქანდაკებებში კატისთავიან ”არსებად” გახლდათ წარმოსახული. სურვილი გიჩნდება, მათი საარაკო თავგადასავლების შესახებ, ისტორიიის ქრონიკებში ჩაქსოვილი, სხვა, ბევრი რამეც მოჰყვე, მაგრამ, სხვადასხვა ავტორთა მიერ იმდენი რამაა მოთხრობილი, შიშობ სტერეოტიპის ”არეალს” ვერ აცდები…
ისე კი, უნდა ითქვას, რომ ეგვიპტელთაგან შეთვისებულ ცხოველებში, კატებთან ერთად ძაღლებიც მოიხსენიება. ჰეროდოტეს აღწერით, ძაღლები, კატები, მაიმუნები და სხვა ”ნდობით” შესახელებულნი ეგზოტიკური ცხოველები, სხვა ხალხებისგან გამორჩეულად, საკუთარ სახლებში ჰყავდათ ”შეკედლებულნი”…
ძაღლებს, ისე, როგორც კატებს, ღირსებით მოცულ სახელებს არქმევდნენ…
და მაინც, ასე საყოველთაოდ, როგორ ხერხდებოდა ძაღლებისა და კატების თანაცხოვრება?! ალბათ, იმიტომ, რომ ძველი ეგვიპტელები, წესრიგის შესანარჩუნებლად, არა მარტო ძაღლებს, არამედ მაიმუნებსაც წვრთნიდნენ… ყოველივე მარტივადაა:
წვრთნას _ წრთობა მოსდევს,
ხორცი ლაგამს ხრავს…
ვერ გეტყვით, ვინ როგორ გაიაზრებს, მაგრამ, იმას თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის საყვარელ, ამ ორი ცხოველის მტრობაზე, საზოგადოდ შეჯერებული ვერსია არსებობს, რომლისდა მიხედვით, ძაღლების წარმომავლობას იშველიებენ, ანუ ძაღლი, ჯიშით მტაცებელია და ყველა სხვა ცხოველი, რომელიც მასზე პატარაა, ადვილად მოსანადირებელი ჰგონიათო… თუმც, კატებისადმი, მათი დაუცხრომელი მტრობა, გამორჩეულია…
ჩემის აზრით, ძაღლები, კატებზე იმის გამო ეჭვიანობენ, რომ ისინი ადამიანების სიყვარულში ეცილებიან; უფრო სწორად კატები, თავად ირჩევენ პატრონებს, თავიანთი მოქნილობითა და იდუმალნარევი მიმზიდველობით, მათდამი ზრუნვის სურვილს აღუძრავენ. ისე კი, ადამიანი, ზოგჯერ ახერხებს მედიატორის როლი გასწიოს და შედეგიც მშვენიერია. დამეგობრებული ძაღლისა და კატის შემხედვარე იფიქრებ, ამათ ჯიშთა ნაშიერთ, მტრობა, არც არასდროს მოსვლიათო.
თუმც, ”საზოგადოდ”, ხალხში დამკვიდრებული გამოთქმა ძაღლ-კატასავით არიან გადაკიდებულებიო, დღემდე მრავლისმეტყველია…
მსგავსი შემთხვევა, ხშირია ადამიანებსა და დაპირისპირებულ, როგორც იტყვიან დანასისხლად გადაკიდებულ ჯგუფებს შორის.
ერთნი, გამუდმებით ემტერებიან, მეორენი გაქცევით შველიან თავს, ზოგი, უკან მოუხედავად გარბის, ზოგი ტრიუკებით იცილებს საფრთხეს, ზოგი სახურავზეც არბის, ზოგიც, საიმედო პატრონად შეგულებულს მიაშურებს…
და აქ, უნებლიეთ (რას გაუგებ, ამ არაცნობიერს), თომას ჰობსის მოძღვრებათა არსის გახსენებას ვცდილობ… მართალია, მის მოკვლევებს ღრმად არ ვიცნობ, მაგრამ, გონივრულად, რომ აქვს აღწერილი სახელმწიფო წყობის შექმნისა და განხორციელების პროცესებში, ინსტიქტებისა და მათ საფუძველზე შეძენილი ჩვევების მნიშვნელობა, ეს ვიცი… ისიც, რომ ყველაფერ ამაში, ძირითადად, ადამიანის ბუნებას /”ბუნებით მდგომარეობას”/ ითვალისწინებდა, _თავად ბუნებაში, ადამიანის თავისუფლებასა და თანასწორობას უსვამდა ხაზს…
იმედია, თხრობის ამგვარად გაგრძელება, საზოგადოების პოლიტიზირებული კონტიგენტის შეურაცხყოფად არ ჩამეთვლება. როგორც ამბობენ, სიტყვამ მოიტანა, თორემ კატა-ძაღლობანას იგავი და აქედან გამომდინარე კაზუსები, წლების მანძილზე, პოლიტიკას და მით უფრო ”ჩვენებურს”, ტრაგი-კომიკურად, რომ თან სდევს, რაღა მოსაკვლევი და ასახსნელია…
უბრალოდ, რაკი ჰობსი აღნიშნავდა … ”რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთებიან ერთმანეთს და აყალიბებენ უსაფრთხოების პაქტებს”-ო, ამ კატებს, რა ჭირი ეტაკათ, ინსტიქტები, ნამდვილად არ აკლიათ, სისუფთავისადმიც ფაქიზი დამოკიდებულება გააჩნიათ, მაგრამ ერთობლივი უსაფრხოების სტრატეგია ვერა და ვერ შეიმუშავეს…
ყოველივე ყოველივესთან კავშირშიაო, ხშირად მსმენია, თორემ, კატებსა და ძაღლებს შორის წარმოშობილი ”რეფლექსური” გაურკვევლობა, ჰობსის გენიარულ შრომებთან, რა მოსატანია… თუმც, ჩემი გულუბრყვილობა, იქამდე მიდის, რომ უნებლით იმ ფაქტმაც დამაეჭვა, რამდენად მართებულია, როცა ჰობსისეულ ფილოსოფიას, თამედროვე ”ლიბერალებმა ” ლამის ”პრივატიზაცია” გაუკეთეს… და აქვე გავიხსენებ, ერთ მნივნელოვან განმარტებას: ”სიტყვა ლიბერალიზმი სათავეს იღებს ლათინურიდან liber– რაც ნიშნავს „თავისუფლებას“. საუკუნეების განმავლობაში, ლიბერალიზმი გამოიყენებოდა არაპოლიტიკური მნიშნელობით და ის აღნიშნავდა სულგრძელს, შემწყნარებელს, თავისუფალს და ამასთანავე გამოხატავდა უფრო აღამატებულ ან დიდებულ სტატუსს - როგორც არის მაგალითად „ლიბერალური ხელოვნება“ ან „ლიბერალური განათლება".
პოლიტიკურმა ქიშპმა ცნება ”ლიბერალიზმი” უკიდურესი მკრეხელური გამონათქმების ასპარეზად აქცია… ამასთნავე, ულტრამემარცხენე პოლიტიკის აქტივისთთა მიერ, მოხერხებულადაა მიტაცებული, საუკუნეთა მანძილზე, პროგრესულად მოაზროვნე მოღვაწეთა გამონათქმები… _ სულგრძელობა, შემწყნარებელობა, თავისუფლება, ოდითგანვე, თითქოსდა, მხოლოდ და მხოლოდ, ცნება ”ლიბერალიზმის” მატარებელი გახლდათ.
არადა, სხვადასხვა ერის სააზროვნო სივრცე, საუკუნეთა მანძილზე, ჰუმანისტ მოღვაწეთა სიბრძნითაა გაჯერებული. რასაც დღეს, ამა თუ იმ ჯგუფთა მიერ, მიკერძოებული მედია, მკითხველსა თუ მაყურებელში ავტორიტეტის მოსაპოვებლად ხშირად და ზოგჯერ ”უპრაგონოდაც” იშველიებს, _რა თქმა უნდა, უპირველესად, ციტატები თუ ფრაზები მაქვს მხედველობაში…
და აი, ცალმხრივად აღქმული რეალობის პროპაგანდიზმით გართული ”ლიბერასტების” შემოტევებით გაღიზიანებულმა ერთ-ერთმა საეკლესიო მოღვაწემ ერთგან განაცხადა: ”ინტერნეტიდან _”ღმერთის ნაცვლად გვმართავს ლიბერალიზმი, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონის უზენაესობას, რომლებსაც გვითხზავენ და გვიწერენ ლიბერალები, წამოენთენ და დაიწყეს პროპაგანდა-აგიტაცია. ჩვენ შევეწირებით და ამნაირ რაღაცას არ დავთმობთ, არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს და არც ცრუ კანონებს, რომელიც ქრისტიანობის საწინააღმდგოა, დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო. ჩვენი მართალი სიტყვა იქნება თქვენი დამანგრეველი"
იგი უნებლიეთ, ეკლესიის მიერ წმინდანებად დადგენილ, თავის დროზე კი, საერო საზოგადოების მიერ ლიბერალურად აღქმულ მამულიშვილთა ნაღვაწსაც უნდობლობას უცხადებს…
ქართულ საზოგადოებაში, შეხედულებათა პოლარიზაცია ეროვნულ მოძრაობის აღორძინებას, მტკვნეულად დაებედა და ბევრი სატკივარიც მოგვიტანა, მომავალში, დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებაც საგრძნობლად შეაფერხა.
მაშინდელი დისიდენტური მოძრაობა, ნაცადი, გამობრძმედილი პოლიტიკოსებით ვერ დაიკვნეხიდა, თუმც, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, თავისუფლების მოყვარული ქართველობა, ყოველ თაობაში საკმაოდ იყვნენ, მათ შორის, ინტელექტითა და პოლიტიკური ალღოთი გამორჩეულებს, ხალხის სიყვარული და ნდობაც სათანადო ჰქონდა.
კომუნისტური რეჟიმის ხანებში აღორძინებული, ეროვნული მოძრაობის პროცესში, მე, ერთი, რიგითი ქართველი ლიტერატორი, გულმხურვალედ ვიყავ ჩართული, ზოგჯერ გარკვეულ ინიციატივებსაც ვიჩენდი… საამხანაგო ანგარიშსაც მიწევდა… მერე, ზოგი, პოლიტიკურ ასპარეზზე, ჩემზე უფრო დაკვალიანდა, ამა თუ იმ ნირით საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“_ს წევრებიც გახდნენ და სტატუსიც აღმატებული შეიძინეს. ზოგმა გადეპუტატებულმა თანამდებობაც მიიღო და თავისებურად ”შეიმშვენა”. მე კი, ისევ წიგნების გამოცემით გახლდით დაკავებული… ერთხელ, 1991 წლის შემოდგომაზე, როცა ჩვენი ”ლიტერატურული საძმოს” ყოფილ წევრს და აწ უკვე დეპუტატს, რომელიღაც საზოგადო შეკრებაზე, შემთხვევით შევხვდი, ჩვეულებისამებრ შინაურულად მივესალმე… შევატყვე მაინცადამაინც არ ესიამოვნა, და რატომღაც, სხვათა თანდასწრებით, ქედმაღლურად, ჩემი პოლიტიკური ”მიკუთვნებულობის” შემოწმება ისურვა…
_რა თქმა უნდა, ეროვნული მოძრაობის ერთგული ვარ…
_ მაინც, ვისი ერთგული?.._ჩამეძია იგი.
აშკარად ჩანდა, უნდოდა ხაზგასმით მეთქვა _ ”ზვიადის” მეთქი… მსგავსი”ისტობა” კი, ჩემში უხერხულებას ქმნიდა, თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისპობდა.
_ცენტრისტი ვარ…_გავიხუმრე.
წარბი აწკიპა…
_ცენტრისტი?!_იჭვნეულად მომაჩერდა.
_ჰო, მინდა, ეროვნული მოძრაობა ერთიანი იყოს, როგორც მაშინ…_თითქოსდა, ადრინდელი წლები შევახსენე.
_ვისთან ერთობა მოგნატრებია?!
ადრე, ჩემთან, ასე აგდებით მოლაპარაკე, ნამდვილად არ იყო.
მივხდი, რასაც გულისხმობდა…
_არჩევნებზე ნამდვილად მრგვალ მაგიდას მივეცი ხმა…_ღიმილით დავამშვიდე.
მან, უკვე არ დაფარა ჩემდამი გაუცხოება და თანმხლებთან ერთად ნაჩქარევად გამეცალა.
არადა, ზვიად გამსახურდია, ბევრ ქართველივით, მეც მეიმედებოდა და მისდამი მხარდაჭერას აშკარად გამოვხატავდი, ოღონდ, ”დისიდენტური მოძრაობისას”, ჩემთვის, უფრო მეტად, მერაბ კოსტავას თავდადება გახლდათ გამორჩეული.
ასე თუ ისე, მაშინ, ისე, ჰაიჰარად დაჩემებულმა ”ცენტრისტობამ”, დეპუტატობაში გაამაყებულს, მიზეზი მისცა, ჩემს ”საიმედოობაში” ეჭვი შეეტანა: შეხვედრისას თვალს მარიდებდა.
კი მწყინდა, ასე, რამ შეცვალა, ეს კაცი მეთქი, მაგრამ მე ისევ, წიგნების გამოცემით ვიყავ დასაქმებული, ჩემს მიერ დაფუძნებულ გამომცემლობაში მოსულ ავტორებს, უანგაროდ ვაკვალიანებდი და შეძლებისდამაგვარად ვეხმარებოდი…
მერე კი, ერთხელ, ჯერ კიდევ არსებულ მაშინდელი მთარგმნელობითი კოლეგიასთან, რომლის სარდაფი, სასაწყობო ფართად მქონდა დაქირავებული, ის, ერთ დროს, პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიური პიროვნება შემომეფეთა, ყოფილი დეპუტატი გახლდათ.
შეფერთხილი ჩანდა.
კეთილად მივესალმე, იქვე მდებარე სასაუზმიდან ახალი გამოსული ვიყავი, ორიოდე კათხა ლუდიც მქონდა შესმული და უმალვე მივიპატიჟე, სარდაფში ჩავიდეთ, ერთი ძველებურად მოვულხინოთ მეთქი…
აჰ, არაო… შეშინებულს ჰგავდა. რომ მივეძალე, ჩუმად გამიმხილა, მითვალთვალებენო…
მერე, რა მოხდა, მთელი ცხოვრება კაგებე გვითვალთვალებდა, ჩვენ, ქეიფს, მაინც არ ვიშლიდით, ყაზბეგის ჩასასვლელი ხომ გახსოვს…_თითქოსდა წავეშველე, ხელი მოვხვიე და შევეცადე გამომყოლოდა…
არა, არაო! სასწრაფოდ გამეცალა…
ჰოდა, ახლა, ინტერნეტში, მისი ვინაობის ამსახველ გვერდს, რომ წავაწყდი, სევდამ შემიპყრო, და ერთ დროს, მისი ”გადამოწმების” კვალობაზე, პროტესტის ნიშნად, ჰაიჰარად დაჩემებული ”ცენტრისტობა” გამახსენდა. ისე ზოგადად, მაშინ, მე ამ ცნებაში, იმგვარი დამოკიდებულება მქონდა გააზრებული, როცა ქვეყნის ინტერესების დამოწმებით მოქმედ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალის, ჯანსაღი ინიციატივების განხორციელებაში სიტყვითა თუ საქმით უნდა შევშველებოდი.
უნებლიეთ, “Google”_ის საძიებო ზოლში სიტყვა ”ცენტრისტი” ავკრიფე, მაინცადამაინც სასიამოვნო ფაქტებს ვერ წავაწყდი. აგერ საფრანგეთის პრეზდენტი ემანუელ მაკრონიც ”ცენტრისტი” ყოფილა, რომლის ლიბერალურმა პოლიტიკამ საფრანგეთი ამას წინათ ლამის ქაოსამდე მიიყვანა. მაგრამ თავად ცნება ”ცენტრიზმის” განმარტება ამგვარია: ” ორგანიზაციებისა და ლიდერების პოლიტიკური პოზიცია, რომლებიც სხვადასხვა სოციალურპოლიტიკური მოძრაობის, ძალებისა და პარტიების გაერთიანებისაკენ ისწრაფვიან; ძირითადი პრინციპებია საზოგადოების სტაბილურობის მიღწევა და სოციალური რეფორმების განხორციელება; უარყოფს ექსტრემიზმს, რეაქტიულ ძალებსა და მემარცხენე რადიკალიზმს.”
რას ერჩი, ურიგო ნამდვილად არაა… მაგრამ ქვეყნის საზიანოდ, ყველაფერში მორიგების მომხრეც, რომ არ ვარ, ეს ჩემი შემოქმედებიდან ნათლად ჩანს… წლების წინ, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციებში” გამოქვეყნებული ესსე ”შფოთ-ამბოხი”, ამგვარად იწყება:
”ძმათაშორის, გამართულ ომში, ”გმირები” აჩრდილებს ემსგავსებიან…
სხვათა შეგულიანებით თავგამოდებულმა ვაჟკაცმა შესაძლოა, მართლაც ჩაიდინოს ”საქმენი საგმირონი”, მაგრამ წინ თანამოძმის დედის წყევლა-კრულვა ან ღალატით დაღუპულ შვილზე გამწარებული თავისივე მშობლის რისხვა ელის…
დღევანდელ საქართველოს, უახლოეს წარსულში გადატანილი ”ძმათა ომი” სტკივა. თუმც, ამგავრი შინაომისგან მიღებული ტკივილი მრავლად დალექილა მის ნაწამებ სხეულში…შუღლისა თუ ქიშპის
დროს, ორივე მხარეს
თავისი ”სიმართლე” აქვს.”
და იქვეა მინაწერი:
”თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა ხშირად შეუვალ, შიშისმომგვრელ გამოქვაბულს მაგონებს _ ჯურღმულოვანი დაბოლოებით რომ გვემუქრება...”
ნუ შევშინდებით, ეს იყო წარსულში... ასე რომ, ”ტემპორა სუტანტურ...” (დრონი იცვლებიან და ჩვენც მათთან ვიცვლებით), უთქვამს რომის იმპერატორს ლოთარ პირველს (840-855), ვინაც ამ ცვლილებათა წყალობით ბერად აღიკვეცა.”
…იმის თქმა მინდა, რომ გონივრული მორიგების უნარი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევინარჩუნოთ… და ამას, გამჭრიხ კაცთა შუამავლობით ვახერხებდით კიდეც… მჯერა, ბოლოს და ბოლოს, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს…
მაგრამ, უნებლით, მაინც გულუბრყვილოდ მახსენდება, ის ”ისტორიული ფაქტი”, რომ ათასწლეულებია, ძაღლებისა და კატების ურთიერთობები, ზოგადად, ისევ და ისევ, სტიქიური უნდობლობითაა დამუხტული…
ჰო, ის ტანადი ქალბატონი, ხევიდან ბალახების კონებით ხელდამშვენებული ამოვიდა, უკვე პირბადე არ ეკეთა და ვიცანი, მეზობლად ცხოვრობდა, კატები მასაც ჰყავდა… მანაც ”დაადგინა”, ვინაც ვიყავი და ერთურთის კეთილად გავუღიმეთ.
_არ მეგონა, ძაღლებიც თუ ასე გენდობოდნენ?! _აღტაცების კილოზე გავუმხილე უნებლიეთ.
წამიერად შეკრთა.
_ჰო, შინაურად მთვლიან… სამკურნალო ბალახების ნაყინით, მაგათაც ვმკურნალებ… ზოგი ჯოხს ურტყამს, ზოგი კი, ქვებსაც ესვრის…_თითქოსდა კატასავით გაინაზა.
_ ყოჩაღ, ღმერთმა შეგაძლებინოთ…_შევაგებე ორაზროვნულად…
მის ტერფებზე მორგებული კედები ცნობისმოყვარედ შევათვალიერე და მოხდენილ წვივებზე ავანაცვლე მზერა.
_მშვენივრად გამოიყურებით…
გაეხარდა, ვიგრძენი, ხიფათის შემცველად აღარ მიმიჩნევდა. ”ჰო, მგონი იცელქა… კი, მეტისმეტად რთულია ქვეცნობიერის სამყარო…” გავიფიქრე უნებლიეთ.
წეღანდელი, ჩამოვლისას მომხდარი ფათერაკის წარმოშობის მიზეზს, აღარ ჩავღრმავებივარ. თანაც, ადვილი მისახვედრი ნამდვილად არ იყო, სად იყო ძაღლის თავის ჩამარხული.
ოჰ, ეს კატები!
ჯ.გ.
Комментариев нет:
Отправить комментарий