”უსაფრთხო” გულუბრყვილობის მონატრება...
_ღმერთმა ყველას თქვენ-თქვენი სურვილი შეგისრულოთ, ღმერთმა ყველას… ერთ დღეს, ერთბაშად… ბრაზობდა თუ შენდობას უცხადებდა მოკამათეთ, ძნელი შესამჩნევი იყო.
ამონარიდი მოთხრობიდან ”ზედმიწევნით ახირებული კაცი”
***
შემთხვევით, (თუმცა, რას გაიგებ…) ინტერნეტში ჟურნალ ”მნათობის” 1976 წლის მე-7 ნომრის ელექტრონულ ვერსიას წავაწყდი… ”მნათობის” ამ ნომერში, ჩემი ორი მოთხრობაა დაბეჭდილი. ”ზედმიწევნით ახირებული კაცი” და ”სინამდვილე”… და გული დამწყდა, ამ ფაქტით გამოწვეული მაშინდელი ”გახარება”, რომ ვერ აღვადგინე… მერე, ეს მოთხრობები, 1982 წელს, გამომცემლობა ”მერანის” მიერ დასტამბულ პროზაულ კრებულშიც _ ”ლტოლვილი სიზმარეთიდან”
(მოთხრობების კრებული) შევიდა, მაგრამ ის სიხარული, მაინც სხვაგვარი შეგრძნებისა გახლდათ, ანუ, იმხანად, რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდვით განებივრებული ნამდვილად არ გახლდით.
და გულუბრყვილოდ გავიფიქრე ნეტა, მსგავსი ”გახარების” დროს აღძრული ემოციების სრული აღდგენა, მაინც შეეძლოს ადამიანს, რადგან ადამიანისეული ცხოვრება, ხშირად არ გვანებივრებს მსგავსი აღტაცების მომცველი ემოციებით… ჰოდა, იქნებ, განსაკუთრებით ხანდაზმულობის დროს, ადამიანმა იმ წრფელი, თავისებურად გულუბრყვილო ”გახარებებით” გამხნევება და გახალისება, მაინც შეძლოს, თორემ ახლა, გასახარი ძლივს თუ წამოგვეჩვენება, და არც მოთხრობა ”ზედმიწევნით ახირებულ კაცში” მართლაც რომ ახირებულად, მაგრამ შთამბეჭდავად ”მოღვაწე” ვასიკოს მაგვარ პიროვნებას წააწყდებით, ამ საუკუნის ”ახირებულებშიც” კი…
*საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/21437
***
ზედმიწევნით ახირებული კაცი
===
ვასიკოს ბრგე, მოხდენილი მამაკაცი ეთქმოდა, მაგრამ ამას იშვიათად თუ შეამჩნევდა ვინმე, რადგან პირისახეს ზამთარ-ზაფხულ ხშირი, ჩაბურდული წვერი უფარავდა, სხეულს კი _ იისფერი ყვავილებით მოხატული ხალათი, ტილოს თეთფრად შენაძრახი შარვალი, შავი, უსაშველოდ გრძელი ლაბადა და თავზე ჰაიჰარად დახურული ნაცრისფერი, კიდეებშემოჭმული მაღალი ქუდი. ასეთი ჩაცმულობით, რა თქმა უნდა, პირველსავე შემხვედრს აოცებდა, ან ღიმილს ჰგვრიდა. ამასთანავე იმიტომაც თვლიდნენ ახირებული ჭკუის პატრონად, რომ სათქმელის დამალვა არ უყვარდა, არც განწყობილების შენიღბვას ცდილობდა. ემღერებოდა _ მღეროდა, ეტირებოდა _ ტიროდა, გამიზნულ მოჩვენებითობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ხალხას უყვარდა ვასიკო, ზოგს ეცოდებოდა და იმიტომ, ზოგი კი თავშესაქცევს ხედავდა მასში, სხვები სიმართლისა და გულუბრყვილობისათვის აფასებდნენ. ვასიკოსაც უყვარდა ხალხი, მაგრამ უაღრესად სწყინდა, როცა ხვდებოდა ჩემი ნათქვამის არ სჯერათ და დაცინვას მიპირებენო. მაშინ შეიძლება ატირებულიყო კიდეც. ის კი არა, ერთხანს ბაზრიდანაც გადაიკარგებოდა და პატარა ქალაქის პატარა ბაზარიც უიმისოდ თითქოს ეშხს და მარიფათს ჰკარგავდა. მალე ისევ მობრუნდებოდა, რათა თავისი ალალ-მართალი შრომით ლუკმაპურის საფასური ეშოვა. ბაზარში ვასიკო ფარდულებისა და მაღაზიების დახლიდარებისა თუ გამგეების იაფფასიანი, დაუზარებელი მეკურტნე გახლდათ. აქ, იგი ჭკუასაკითხავ კაცადაც შეიძლება მიეჩნიათ, თუ ვინმე სამოცდაოთხუჯრიან შაშით დაინტერესდებოდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო ვასიკო, ყოველთვის ხელმისაწვდომზე ჰქონდა შენახული ხმარებისგან კიდეებშემოფცქვნილი ქვები და ფერგადასული, ალაგ-ალაგ ჩაყვითლებული მუყაოს დაფა. ხუმრობით ბაზრის ჩემპიონსაც ეძახდნენ, რითაც ამაყობდა კიდეც. თუ ვასიკოს გულის მოგება გსურდათ, მასთან შაშის თამაშზე უარი არ უნდა გეთქვათ; შემოთავაზებით, აუცილებლად შემოგთავაზებდათ, თუკი შეამჩნევდა, რომ თავისუფალი დრო გქონდათ. ბევრი თამაშობდა ვასიკოსთან შაშს; ზოგი თავშესაქცევად, ზოგსაც ენიძლავებოდნენ, თუ ბაზრის ჩემპიონს მოუგებ, ამდენ და ამდენ ბოთლ ღვინოს ვკისრულობო, ზოგიც თავად იყო დაინტერესებული ვასიკოსთვის მოეგო. ღვინოს ნაკლებად სვამდა ვასიკო, თითქმის იშვიათად, მაგრამ ზედიზედ რამდენიმე პარტიას რომ მოიგებდა, მაშინ ნამდვილად შეზარხოშებული გეგონებოდათ. სახეგაბადრული და თვლებგაბრწყინებული გაიჩაჩხებოდა და კმაყოფილებით იტყოდა:
-ასე უნდა თამაში, აბა!..
-ვინ გასწავლა, კაცო, ასე კარგად ”დამკის” თამაში?-უმალ შეპარვით ჰკითხავდა ვიღაც.
ვასიკოს კიდევ უფრო გაებადრებოდა სახე.
-ჩემმა მეუღლემ!-ამაყად განაცხადებდა და თითებით ჩაბურდულ წვერს მოიქექავდა.
-რომელმა, ცოლი რომ არ გყავს?!-განგებ გაიკვირვებდა ვიღაც.
-მყავდა, აბა ყოველთვის ასე ხომ არ ვიქნებოდი,
-ხელებს გაშლიდა ვასიკო და ხალისიანად დაიწყებდა ყველასთვის ცნობილი ამბავის მოყოლას.
მსმენელები ერთხანს მზაკვრული ყურადღებით უსმენდნენ, მერე რომელიმე ერთბაშად გადაიხარხარებდა და ვასიკოს შარს მოსდებდა… შენ იმ ქალს, ისე არ გაუშვებდიო. იგი კი მთელი სიდინჯით მოყვებოდა მტკიცებას, ხელი არ წამიკარებია, დედის სულს გეფიცებიო.
-აბა, შენი ცოლი საიდან იყო?!-იღრიალებდნენ მაშინ ბიჭები.
-იყო!-მარჯვენას აღმართავდა ვასიკო,-ჩვენ ერთმანეთი გვსურდა და გვეწადა, მეტი რაღა გინდათ!-და ისე ერთბაშად შეიცვლებოდა, ეჭვი შეგეპარებოდა, მართალც ვასიკოა ეს, თუ არაო. როცა აღარ დაუჯერებდნენ, ხელს ჩაიქნევდა და წავიდოდა, ანუ როგორც შემდეგ ერთი პენსიონერი ინტელიგენტი იტყოდა: ”თვალზე ცრემლმომდგარი მოხარხარე ბრბოს მიატოვებდა…”
ის ამბავი კი მოკლედ ასე ითქმებოდა: ოცდაათ წელს მიტანებული ვასიკო თბილისის რკინიგზის სადგურში მუშაობდა მტვირთავად. ”შეძლებული ვიყავი და შესახედავადაც არა მიშავდა, აბა…”-თამამდ იტყოდა იგი. ერთხელ, საღამოხანს მოსკოვის მატარებელს ვიღაც ქალი ჩამოყვა. ”პირდაპირ ცურავდა კაბაში, დაბრაწული ლოყები ჰქონდა.” კაბაში ცურავდაო, სიგამხდრეს კი არ აყვედრიდა, ზოგჯერ იმასაც დაუმატებდა; ისე იყო გათქვირებულიო…” ჰოდა, ვასიკომ იმ ქალის ჩემოდნებს დასტაცა ხელი. მიდის ვასიკო, მიაქვს ორი ვეებერთელა ჩემოდანი, მისდევს ქალი უკან და ხმას არ იღებს. ბოლოს დაიღალა კაცი, დადგა ჩემოდნები, მიბრუნდა და თანამგზავრს მიაჩერდა. ”ბინა მაქვს მოსაძებნი…” დაბნეულად უმხელს ქალი და თითქოს მობოდიშებით უღიმის. ვასიკოს რცხვენია, წითლდება კიდეც და წუხს… ”ამ ანგელოზ ქალს ამ ღამე ბინის საძებრად რაზე უნდა ჰქონდეს საქმე?!” მერე გამბედაობას იკრეფს: ”თუ ჩემთან იკადრებთ…” ქალი დაკვირვებით ათვალიერებს და მხრებს იჩეჩავს. ვასიკო უცინის, ჩემოდნებს იღებს და მიდის. იგი სადგურთან ახლოს ცხოვრობს, პატარა ოთახი უკავია ქუჩის განაპირას. იმ ოთახში ისტუმრა ქალი... ვახშმად, რაც კი სასმელ-საჭმელი გააჩნდა, ყველაფერი სუფრაზე გამოიტანა. ”ისე მადიანად ჭამდა, სიხარულისგან აღარ ვიყავი კაცი, შემხედავდა და ღიმილად იქცეოდა…” ეს იყო საუბარს ვერ მოაბეს თავი. ვასიკოს სატრფიალო გამოთქმების არცოდნა ბოჭავდა, ქალიც მორცხვად ახამხამებდა თვალებს. ამიტომ ნავახშმევს ჩემოდნიდან შაშს იღებს და მასპინძელს ორაზროვნად უცინის. ”რომ ვუთხარი, თამში არ ვიცი მეთქი, გაკვირვებად იქცა, რა იცოდა ბაღნობიდან ტვირთი რომ მედო მხრებზე…” _ოხვრით იტყოდა ვასიკო და უმალ დაუმატებდა: ”მერე სიცილ-სიცილში ისე ჩქარა მასწავლა, ერთი ორჯერ კინაღამ მოვუგე!..”ბოლოს დაქანცულ სტუმარს ძილი მოეძალა. ”გავშალე ლოგინი და გარეთ გამოვედი, აბა ქალს თავზე ხომ არ დავადგებოდი?!” გასვლით კი გავიდა, მაგრამ უკან მიბრუნებას კარგა ხანს ვეღარ ბედავს. სულაფორიაქებული, უთავბოლოდ ხეტიალობს სახლის გარშემო, მერე გამბედაობას იკრეფს, ოთახში ფეხაკრეფით შედის და უგემურად წვება მაგიდასთან, იატაკზე. წევს ვასიკო, განძრევისა ეშინია და იმ ქალზე ფიქრობს: ”პირდაპირ ცეცხლის ალში ვიყავი გახვეული, ვგრძნობ, იმ დალოცვილსაც არ ძინავს და ჩემზე ფიქრობს, სუნთქვა გვესმის ერთამანეთის…” ესაა და ეს… იმ ღამეს თეთრად ათენებს ვასიკო, ალიონისას კი ცოტა ხანს ჩათვლემს. აი, მაშინ მიდის ის ქალი. ადგა და წავიდაო, ამბობდა ვასიკო; ”გაიპარაო…” _არასდროს იტყოდა და სხვისგან თუ გაიგონებდა ამისდამაგვარს, უმალ მოიღუშებოდა. წავიდა გაიმეორებდა მტკიცედ, თან იმაზე წუხდა, იმოდენა ჩემოდნები როგორ წაიღო, წელს მოწყვეტდაო. მერე ერთბაშად გაიღიმებდა; ”დამკა” კი სახსოვრად დაეტოვებინა...” კმაყოფილებით ჩაიდუდუნებდა და თითებით ჩვეულებისამებრ წვერ-ულვაშს მოიქექავდა.…იმ დღესაც ასე იყო; ვიღაც მემწვანილეს ვასიკომ ზედიზედ მოუგო ხუთი ხელი შაშის პარტია და ახლა თავის ამბავს ჰყვებოდა ხალისიანად… ჯერ ის მემწვანილე აუხირდა, თუ არ გაკარებიხარ, შენი ცოლი საიდან იყოო, მერე სხვებმა ათასნაირი სისულელე უთხრეს. ზოგს უკვე ეჭვი ეპარებოდა, ეს კაცი ნამდვილად რაღაცას გვიმალავსო და ცდილობდნენ იმ ამბიდან რაიმე ახალი ეთქმევინებინათ.
-იყო!-მტკიცედ განაცხადა ვასიკომ,-იყო… იმ ღამეს იმ ქალმა იფიქრა ნეტა ეს კაცი ჩემთან მოვიდესო და მეც ვიფიქრე, ნეტა მიმიყვანა მეთქი.ღრიანცელმა საგრძნობლად იმატა.
-ვაა!-შესძახა მემწვანილემ,-რამდენი რამე მე მიფიქრია…
-თუ გიფიქრია, გაგიკეთებია კიდეც,-დინჯად მიუგო ვასიკომ.
-ეჰე, გუშინ ვინატრე, რასაც ლადიკოს მაღაზია ივაჭრებს, ნეტა ამაწაპნია _მეთქი, ამიწაპნია ხომ?-სიცილისგან ჩაბჟირდა ვიღაც მთვრალი.
-მოგიპარავს!-გასაოცარი სიდინჯით დაუმოწმა ვასიკომ.
-არ გამაგიჟო,-არ მოეშვა ის ვიღაც,-აბა მე, ქურდი ვარ ხომ?..
-კი,-არ აწყენინა ვასიკომ და მშვიდად თქვა,-ვინც რას ფიქრობს, იმაზე უნდა აგოს პასუხი, შენ კი, თუ სიმართლე გინდა, ქურდობაზე უნდა ჩაგსვან,-და უცებ, ყველასადა მოულოდნელად, აღიმაღლა ხმა,-შენ კი მკვლელობაზე!..-ახლა ცხვირგაწითლებულ მსუქან ყასაბს შეხედა,-ხომ გიფიქრია, ნეტა ჩემს კონკურენტ გერონტის სული გავარდებოდესო, ჩათვალე, გინდა მოგეკლას. ხომ ვთქვი, ყველამ თავის ფიქრსა და სურვილზე აგოს პასუხი -მეთქი,-თითქოს დაიქადნა:-ერთი კაცის ცოლი ვიცი, რამდენ კაი ვაჟკაცს დაინახავს, თვალებად იქცევა, წყალი არ გაუვა, იმ ქალს ფიქრით ერთი ას კაცთან შეუცოდავს, ტყუილად ფიქრობს მისი ქმარი, პატიოსანი ცოლი მყავსო. თუ დრო და პირობები შეექმნა, არაფერს არ დაიკლებს, არც შენ დატოვებ ლადიკოს მაღაზიას გაუქურდავს და შენც არ დაგწყდება გული, გერონტი მეყასბე ხარის რქებზე აცმული რომ ნახო. ასეა ეს, აბა რატომ არ გჯერათ, ის ქალი რომ ჩემი მეუღლე იყო, მარტო მე არ მიფიქრია მასზე, ისიც ჩემზე ფიქრობდა. სიმორცხვე და უდროობა რა სახსენებელია ფიქრთან და სურვილთან, ხომ ვგრძნობდით ერთმანეთს, ხომ ვგრძნობდით…
ვინღა უსმენდა ვასიკოს, ერთი აურზაური იდგა, იმ მთვრალმა დასარტყმელადაც კი წაიწია.
-უყურე ამ გლახაკს!!!-ჩახლეჩილი ხმით ყვიროდა იგი,-ქურდები, მკვლელები და კახპები არ გაგვხადა ეს პატიოსანი ხალხი? ვინ გაქურდეთ და ვინ მოკალითო, ფიქრის და ნატვრის ანგარიში არ მოგვთხოვა? მე მაგის…
-შეეშვი, გიჟიაო!-ამშვიდებდნენ.
პენსიონერი ინტელიგენტი კი ავტორიტეტულად ამტკიცებდა, ზედმიწევნით ახირებული კაციაო. მაგრამ უკვე არც ვასიკო აქცევდა ვინმეს ყურადღებას. შაშის ქვები ლაბადის ჯიბეებში ჩაედო, მუყაოს ძველისძველი დაფა კი სათუთად მიეკრა მკერდზე, ხალხის რკალს მიარღვევდა და თავისთვის ჩურჩულებდა:
-ღმერთმა ყველას თქვენ-თქვენი სურვილი შეგისრულოთ, ღმერთმა ყველას… ერთ დღეს, ერთბაშად…ბრაზობდა თუ შენდობას უცხადებდა მოკამათეთ, ძნელი შესამჩნევი იყო.
1993წ
*
*
*
იხილეთ _ მოთხრობები და ნოველები
-
***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*