Translate

понедельник, 27 сентября 2021 г.

დროა გავშიშვლდეთ, შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით… /პუბლიცისტური გზამკვლევები…/

* /პუბლიცისტური გზამკვლევები…/ 

დავუბრუნდეთ სავანეს ჩვენსას
ტრავესტი გროტესკული ნიშნით

დროა გავშიშვლდეთ,
შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,
შემოვიძარცვოთ
ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები,
დროა გავშიშვლდეთ,
წრფელად ვიგრძნოთ
სიშიშვლის გემო,
სხვათა თვალთვალით
ხომ ამაყობს პატარა ბენო,
თუნდაც ივანე,
თუნდაც ნიკი,
ან სულაც პედრო,
თავად ბაბუც კი,
უკვე დროა პირწმინდად
გვენდოს
ნუღა ვკეკლუცობთ
ბრმა სიმორცხვით,
ნავსი გავტეხოთ,
ედემის ბაღში დათესილი
იჭვი განვთესოთ
დროა გავშიშვლდეთ,
შევიმოსოთ ჩვენი ცოდვებით,
შემოვიძარცვოთ
ეს საეჭვო ლეღვის ფოთლები

3.09.2002

პოეტური კრებულიდანსიზმრიდან ცხადში”/თბილისი_2010

***ეს ლექსი, 2002 წელს დაიწერა და ვგონებ, სხვა ჩემს ლექსებთან ერთად მაშინდელ ”ლიტერატურულ საქართველოს” ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, ზოგს, მსგავსი ქმედებისკენ მისწრაფება, ისედაც მოძალებული ჰქონდა, და ამ ლექსში ჩაქსოვილი ქარაგმის ამოსაცნობად, სურვილიც არ გასჩენია. ცხოვრებაც დიდსა და პატარას ბიჰევიორიზმის, უფრო სწორად ”კლასიკური განპირობებულობის”, ანუ ”პავლოვისეულ განპირობებულობის” პირობებს კარნახობდა. მორალთან დაკავშირებული ორაზროვნული ხედვების კვლევა, უკვე სწავლულთაც არ ეხალისებოდათ… 

მოკლედ, პრაგმატული თვალსაზრისით, ასპარეზზე გამოხტომის მსურველებმა, სწრაფი ტემპით იწყეს გაშიშვლება, რამაც მათ ცნობადობას, ”სელებრითობას” თუ თავბრუდამხვევ პოპულარობას, ნამდვილად გვარიანი ბიძგები მისცა… 

მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლობოლო სუს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღმოჩნდნენ, ”ღრმად მოაზროვნე” პერსონები და რადგან, საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში, ათეული წლების მანძილზე, ლუსტრაციის კანონის მიღება არ გვეღირსა, საზოგადოების აქტიური ნაწილის მხარდაჭერით წამოიწყო ფართომაშტაბიანი ღონისძიება ”ისმინება და თვალთვალს ექვემდებარება ყველა და ყველაფერი!”. (მერე რაა, თუ ზოგი რამ, ხმას საერთოდ არ გამოცემს, მისი არსის იდუმალი ”პულსაცია” სუს-ისთვის მაინც მისაწვდომია…) წამოწყებამ, ერთის მხრივ, თავისებური ლუსტრაციის სახეც მიიღო, წლების მანძილზე ერთად მოფუთფუთე თანპარტიელებმა, თანამეინახეებმა, ის კი არა, ნათესაობამც, ერთურთის შესახებ, ძლივს მართალი მოსაზრებები მოისმინეს, და ვინ იცის, წინ, კიდევ, რამდენი სიურპრიზი ელოდებათ… 

***საწოლში, საწოლში გვისმენენო, ისე, აქვს ზოგს აჩემებული, რომ… ოღონდ, ამ ამბების აქტივისტებს ვთხოვ, დაინდონ ქართველი ხალხის ფსიქოლოგია და რომელსამე ფორმადაკარგული, ათასგვარი ”შეშხაპუნებით” გაკეკლუცებული სელებრითის სიშიშვლით ნუ დაგვატერორებენ… 

თუმც, ჩემს ლექსში გამოხატული ”იდეა”, არჩევნებში მონაწილე, ზოგმა სუბიქტმა, კრეატიულადაც აღიქვა და უსწრაფესად იწყეს გაადამიანება. მაგალითად მევახშედ ”მონათლული” ბანკირი, აგერ ახლა, ქუჩის მომღერალივით სახალხოდ გაისარჯა. საზოგადოება შიშმა შეიპყრო, ამ თაგზააბნეულ მაყურებლიდან, ვინმემ ქუდი ან ”შლიაპა” არ დაუდოს წინ და ერთ დროს, პირველ ბიზნესმენად შერაცხული პერსონა ჩრდილი არ მიაყენოსო… აგერ, მეორეს _ ”ადამიანობაზე” ლექსიც ქე წამოცდა, და ისე განიცდიდა, საზოგადოებაც დაეჭვდა: ასე თავგადაკლულ ჰუმანისტს, ხაზინიდან, როგორ შეეძლო… 

 მოკლედ, საკუთარი ცოდვებით შემოსილი ერისა და ბერის ნახვა, ნამდვილად წაადგება, ქვეყნის მომავალს… ჯ.გ. 

* Janri Gogeshvili გაზიარებულია აუდიტორიასთან „საჯარო“ 

ეჰ, ამგვარი გაბრძოლება, გულის მოოხებასა ჰგავს, და მაინც… ეს ლექსი 2000 წელს დაიწერა…  

*

ბობოლა, ”შეძრულიღატაკზე ფიქრით

იდეა-სამყაროში, სამყარო იდეაში

აზრები ჩაბნეული სივრცესა და დროში,

იდეა-სფინქსი და იდეა კვაზარი,

უსაგნო გარჩევაღვარძლის და იფქლის”…

 

იდეა-პანაცეა, იდეა-მისტერია,

ინვესტიციები და დონორი ქვეყნები,

თავგზაბნეულნი წარსულს მისტირიან

და აქვე გრანდიოგეგმები

 

იდეა-მახე თუ იდეა-ხაფანგი,

იდეა-იდეაში, პროგრამა-ფანდი,

კრედიტი-”ტასისი”, დიდი შვიდეული

-თქვენ გადაგარჩენთ სესხი და გრანტი!

 

იდეა-ოინი, იდეა-ფიქცია,

მსოფლიო პროექტები, მსოფლიო მისია,

ცხოვრების ნაცადი, ჯანსაღი წესი

ლამაზი სურვილი თუ მყარი დიქცია

ბობოლა, ”შეძრულიღატაკზე ფიქრით

 

ხალხი დაბნეული, ქვეყანა დარბეული,

გარშემო ცრემლი და დარდი,

კვაზი-იდეა და კვაზი-მონოლოგი,

იდეა-ხრიკებით კეთდება ნაღდი

 

იდეა-სამყაროში, სამყარო-იდეაში,

მცნება ჩაბნეული სივრცესა და დროში,

სიტყვა ჩანერგილი იდეა-სამშობლოში,

აი, უმთავრესი მრწამსი

15.11.2000

(პოეტური კრებულიდანსიზმრიდან ცხადში...”)

***დეკორაციული ცვლილებების მიუხედავად აქცენტები იგივე დარჩა...

ქართული სულისკვეთებით შეპყრობილ, ჩემსა და მომდევნო თაობათა დიდი ნაწილს იმ ნაოცნებარ, ეროვნული სახელმწიფოს სამახსოვროდ, თითქოსდაგაუ-გაუს!!!” ძახილი შემოგვრჩა

*** 

Janri Gogeshvili

7 სექტემბერი, 2020  · 

ბრმად დარწმუნებულებს

გნებავთ, ფიქრშიც გამორიცხეთ! _ მაგრამ, უსაშველოდ დაჟინება არ ღირს

რადგან ამქვეყნადგამორიცხულიარც არაფერიაისე, სახალისოდ, ”ინვერსიისმოდელირებაში წაიმეცადინეთთუნდაც კვანტურირეალობაგაიხსენეთ; შესაძლებელია, აქაც იყოს, იქაც, იმის იქითაც დაეეჰ, ამქვეყნად, არც არაფერია გამორიცხული

/../

 >>>როგორც ისტორიის ქრონიკები გვაუწყებენ, წმინდა გიორგი _ქართველ ერს, თავისი მეობისა და ღირსების შენარჩუნების გადამწყვეტ ჟამს, შემწედ და თანამებრძოლად, როგორც, ერის მფარველი, ხშირად ხილული სახით მოევლინა, დაე, ”ქველთაქველის”, საციცოხლო ენერგია, კვლავ შემწედ მოევლინოს ქართველთა ქვეყანას _ ერს გაემარჯვოს! და არა, რომელიმე მეტოქეზე შურისძიებით აღვსილ პარტიას, ბიზნესდაჯგუფებებსა თუ მათ დამქაშებს… 

***

ლამის სისხლიც გაიტყუოს ამ ხმებმა…

 ერთად ყოფნის ზღვა სურვილი მოვარდა,

გულისძგერა სიყვარულით დაფერა _

გამარჯვება, ქველთაქველმა იმარჯვა! _

შემოსძახეს საქართველოს მთა-ველმა


მღერის ტკბილად მეწამული პლანეტა

ციდან მესმის შენი გულის ბგერაც,

ლამის სისხლიც გაიტყუოს ამ ხმებმა,

მიუერთდეს ქართველთ ციურ ფესვსა

***  4 სექტემერი, 2001წ. პოეტური კრებულიდან ”სიზმრიდან ცხადში…” / თბილისი -2010 ჯ.გ

. ***© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება
 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*
*

пятница, 24 сентября 2021 г.

ეცადეთ!.. ესსე /იუმორნარევი აქცენტით _მოარიდეთ ნამეტნავად პრაგმატკოსები, ანუ ზოგისთვის, შესაძლოა, მთლად სასარგებლოც არ აღმოჩნდეს…/

ეცადეთ!.. ესსე /იუმორნარევი აქცენტით

განცდის პიკი

სასწაულია!

როცა გგონია არვის ახსოვხარ და

სიყვარული, სულზე მოგისწრებს

სადღაც შორიდან,

ათასი სივრცის, სამყაროს მიღმა,

უცხო, უცნაურ ყვავილს უყვარხარ

ატყდა ვიშვიში, ჩვენც არ ვიფიქრეთ,

ვიღაც გაბრიყვდა და

უიღბლოთიმოიხიბლაო

რაღა დროს, მაგისი შეყვარებაა?!

_არადა იყო, თუმცა ხილვაში

უცხო ყვავილის შორიდან ტრფობა,

წამით რაღაცით,

სხვა სამყაროში,

სამახსოვროდ ჩარჩენილ განცდის

სურნელსა ჰგავდა

                                               ..

*** მსგავსი მოვლენის აღქმისას, ეცადეთ _ მადლიან ყვავილს, სიყვარულზე, სიყვარულით
მიაგოთ…

***და თუ გრძნობ, შენეული არსობის სადარდელი, ჩვეული ყოფისთვის დამახასიათებელი, ერთფეროვნული საქმიანობიდან, ქვეცნობიერად აღძრული იმპულსებით საზრდოობს, ეცადე, სამარადჟამოდ ამგვარ უღელში შებმულ გამწევ ძალად არ გადაიქცე… უკუაგდე, მუდმივად, თავის გატანაზე დარდით შეპყრობილი ფიქრები… იღვაწე მხნედ და შემოქმედებითად, რათა შენს მომავალს, შენი ერთფეროვნლი ცხოვრებით აღძრული უიმედობა, გენეტიკურ მემკვიდრეობად არ დაებედოს… უიმედო განცდებით, შენში დალექილი უსასოობა, მემკვიდრეთა ყოფის ბედისწერად, არ იქცეს… ოღვაწე, ჭკვაში, პოზიტური აზროვნება მოაძლიერო, ააღორძინო განცდა, რომ ეპოქის დახვეწასა და გაკეთილშობილებაში, შენეული, თუნდაც სხვებისთვის შეუმჩნეველი მისია გაკისრია… შემწე _ ლოცვები, მათი გათავისება და ფიზიკური აქტივობაა… თითქოსდა, უბრალო რჩევაა, მაგრამ ბევრი თავს არიდებს, ამგვარ ”უბრალოებას”… უცებ, ერთბაშად სურთ _ სიმდიდრის, კარიერის და ასნაირი ”სასურველის” მოპოვება და ეს მცირედიც, საბედისწეროდ ეცლებათ ხელიდან… ისე, ეს რჩევა, ხანდაზმულთ უფრო მიესადაგება, მაგრამ შესაძლოა, ყმაწვილებსაც ქე წაადგეს… .

***თავდაპირველად, ნოველების, მოთხრობების, იუმორესკების გამოქვეყნება უფრო მეთამამებოდა, ვიდრე ლექსების… თუმც, ზოგჯერ ქვეცნობიერიდან ცნობიერში შემოხეტებული სტროფი სპონტანურად, ექსპრომტის სახით იჩენდა თავს და ხშირად, თითქოსდა, როგორც გულის ამოძახილს ისე შევახსენებდი, საკუთარ თავს… ისე ცნობისთვის: მაშინდელ ამა თუ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან შექმნილ ლიტერატურულ წრეებში გაერთიანებული ლიტმოყვარულთა უმეტესობა, ლექსების წერით იყვნენენ გატაცებულები და… ჰოდა, უნებლიეთ ვფიქრობდი, პროზაიკოსობა, უფრო შთამბეჭდავ ავტორიტეტს მძენს და ჩემი მწერლური საქმიანობაც, ზოგი ჩასაფრებულისთვის ქილიკის ნაკლები საბაბი გახდება მეთქი… რადგან იმ დროს, ხალხში, ძალზე მოარული იყო გამოთქმები: ”გიჟპოეტა”, ”ჩიტირეკია პოეტი”, ”ლექსებზე შერეკილი” და მისთანანი. თანაც, ჩემმა პირველმა მოთხრობებმა მკითხველთთა ინტერესი გამოიწვა და… მერე წამოვიდა რომანები, პიესები, ბუბლიცისტიკა და ფარულად თუ აშკარად ჩემი პროფესიონალიზმი შურით განწყობილ ლიტერატორებშიც კი არ იწვევდა იჭვს… ლექსების გამოქვეყნების ჟინი მოგვიანებით მომეძალა, მაშინ, როცა პოეზიისადმი, საერთოდ ლიტერატურისადმი ინტერესი, ასე თუ ისე შენელდა და ხალხი სანახაობითმა ღონისძიებებმა გაიტაცა… სადაც თუ რომელშიც, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომელიმე საზოგადოებრივი სცენის, შესამჩნევი მონაწილე, თავადაც აღმოჩენილიყო… ისე, წლებით ადრე, როცა, მშობლებთან, ძმაკაცთან ერთად სტუმრად ჩასულმა, ნაბახუსევზე, თავს შესამხნევებლად, ჩემდა უნებლიეთ, ექსპრომტად, ერთი კი არა, ბარე სამი სტროფი წავიღიღინე, აივანზე გამოსასვლელად შემზადებული ძმაკაცი ტექსტის ავტორის ვინაობით დაინტერესდა. შემკრთალმა, გაუბედავად მივუგე; ეს, ისე ჩემთვის, უნებლიეთ მეთქი… უნებლიეთ თუ გამიზნულად, ვერ გეტყვი, მაგრამ, ინტერესით ისმინება, იდუმალნარევი ემოციების ნაკადი წამოვიდაო… ჩავფიქრდი, ისეთი, რა მოისმინა, ამ დალოცვილმა მეთქი, მაგრამ, ის სტროფები, ვერაფრით აღვადგინე… მერე, ამ მხრივ წინდახედულობა დამჩემდა და ვცდილობდი, თუ რაიმე სასიკეთო დამცდებოდა, იქვე ჩამეწერა… მაგრამ ვფიქრობ, იქამდე, ქვეცნობიერით აღძრულ ღიღინში, მრავალი, სპონტანურად ამოთქმული სტრიქონი გავაყოლე ემოციების მდინარებას, ზოგი მათგანი, შესაძლოა, თხრობის დასწყისში ”აღბეჭდილ” ლექსს ენათესავებოდა… ახლა, მსგავსებს, ინტერნეტში, ”კვანტური იმპულსები”-ის სახელწოდებით განთავსებულ რუბრიკაში ვაქვეყნებ, თუმც, უკვე, არსებობს საშიშროება, ხსენებული რუბრიკა, ჩარჩოსავით მოერგოს, ამიტომაც, ამ ლექსის სათაურად მოყვანილი ცნების განმარტებას შევეცდები… ”განცდის პიკი” _ეს ტერმინი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამფუძნებელს, პიროვნული განვითარების თეორიის (”მასლოუს პირამიდა”) ავტორს ეკუთვნის, მაგრამ, ჩვენ აქ, მარკეტინგსა თუ მენეჯმენტში მის გამოყენებაზე არ გვექნება საუბარი, ამაზე, ისედაც, უამრავი მოსაზრება არსებობს. ამჯერად მე, ”განცდის პიკი”-ის რაობის ახსნას შევეცდები, თუმც, ჯერ, სასურველია ტერმინ ”ნუმინოზურის” გამარტება შეგახსენოთ: ნუმინოზური - ზებუნებრივი, მისტიური; სავსე ღვთიური განცდით. სიტყვა ლათინური წარმომავლობისაა, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილი იქნა გერმანელი თეოლოგისა და რელიგიის ისტორიკოსის ოტო რუდოლფის მიერ, რომელმაც გამოიყენა ლათინური სიტყვა ”ნუმენ”, რასაც რომაელები ყოვლსშემძლე, ღვთიურ ძალას ეძახდნენ… კარლ გუსტავ იუნგმა კი ამ ”ცნებას”, ამგვარი შინაარსობრივი განმარტება მისცა: ”…დინამიური არსებობა ან ზემოქმედება, რომელიც არაა დაკავშირებული თვითნებურ აქტთან. ან, თუნდაც, საპირისპიროდ, როცა ამგვარი ზემოქმედება სუბიექტს იპყრობს, რომელიც, უფრო მეტად ნუმინოზურობის მსხვერპლია, ვიდრე მისი შემქმნელი. Numinosum _ როგორიც არ უნდა იყოს მისი წარმოშობის მიზეზი, სუბიექტის ნებისგან დამოუკიდებლად, თავად მისი არსებობის მიზეზს წარმოადგენს. Numinosum გახლავთ რომელიმე ხილვადი ობიექტის თვისება, ან უხილავი, იდუმალი ძალის ზემოქმედება, რომელიც ცნობიერების განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს” /კარლ იუნგი ”არქეტიპი და სიმბოლო” (რუსულიდან გადმოვაქართულე… დედნიდან, ალბათ, უკეთესი თარგმანი მოიპოვება… ჯ.გ.) ჰოდა, ა. მასლოუს მიერ განცდებისთვის შემოღებული ზოგადი ცნება _ ”განცდის პიკი”, ამ ცნების თავისებური ინტერპრეტაციად მოჩანს, ანუ ,რომელიც უკავშირდება ინტენსიური ბედნიერების მოულოდნელ გრძნობებს, სრულ არსებობას, რომელსაც ხშირად თან ახლავს გარკვეული „აბსოლუტური ჭეშმარიტების“ გაცნობიერება ან ყველაფრის ერთიანობა. მასლოუ მსგავს განცდებს მიიჩნევდა ადამიანის თვითაქტუალიზაციის მნიშვნელოვან ნაწილად და ამტკიცებდა, რომ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ წილად ახდენენ თავისი პოტენციალის რეალიზაციას, განიცდიან პიკურ განცდას უფრო ხშირად, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ადამიანი. მასლოუ ასევე უკავშირებდა ამ განცდებს ზემოქმედების გრძელვადიან ეფექტებს: ერთ ასეთ განცდას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება და მსოფლმხედველობა.” მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი ტერმინ ისაითს, ანუ ინსაითი _ ინგლისური სიტყვაა (insight), ნიშნავს რაიმეს არსის გაცნობიერებას, წვდომის აქტს. რაც, ზოგი ფსიქოლოგის განმარტებისდა მიხედვით, ძირითადად პრობლემის გადაწყვეტასთანაა დაკავშირებული, ანუ ”პრობლემის გადაწყვეტა მოიცავს საწყისი მომენტიდან (პრობლემის იდენტიფიცირებიდან) მიზნის მიღწევამდე (გადაჭრამდე) არსებულ ეტაპებს და გულისხმობს ამ პროცესში არსებული დაბრკოლებების გადალახვას. მიზნის მიღწევის პროცესში მთელი რიგი ფსიქიკური ოპერაციებია ჩართული.” და იქვე მოყვანილია ცუდად სტრუქტურირებული პრობლემის მაგალითი: „როგორ შეიძლება მღვდელი დაქორწნდეს 25 სხვადასხვა ქალზე ისე, რომ არ შეექმნას პრობლემები კანონთან?" ასეთ შემთხვევებში გადაჭრის მკაფიო და ზუსტი ხერხი არ არსებობს. კარგად სტრუქტურირებული (განსაზღვრული) პრობლემების გადასაჭრელად, ადამიანები ალგორითმს იყენებენ.” 

***ან ალგორითმი რად უნდა, უბრალოდ მაგრად გაქნილი ცუღლუტი უნდა იყოს… ადრე, ეს ინსაითი, განგებისგან მადლმოსილი ”გამონათება” მეგონა, აგერ კი… იქვე ცნობარი მიგვანიშნებს, თუ ინსაითის მეშვეობით ვერ დაძლიოთ, მორიგი პრობლემა და ვერც ალგორითმის გამოყენებამ გიშველათ, მაშინ, ევრისტიკას გამოყენებით შეეცადეთ მიზნის მიღწევასო; ”ევრისტიკა” კი, …”ეწოდება კოგნიტურ სტრატეგიას ან „პრაქტიკულ მეთოდს“, რომელიც ხშირად გამოიყენება როგორც შემოკლებული გზა რთული ამოცანის გადასაჭრელად. ადამიანები ხშირად მიმართავენ ევრისტიკის მეთოდებსა და სტრატეგიებს, იშველიებენ რა პრაქტიკულ საქმიანობასა და გამოცდილებას მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.” 

***ამას ვამბობ მეც, პრაქტიკა, უპირველესია, თუმცა, ხშირად, სიამოვნებასთან ერთად, მტკივნეულ განცდებს ტოვებს… მგონი თემიდან გადაუხვიე, უმჯობესია ისევ ლექსს დავუბრუნდეთ... 

უბრალოდ, ეცადეთ მსგავს შემთხვევაში, იმ მადლიან ყვავილს, სიყვარულზე, სიყვარული მიაგოთ… 

 განცდის პიკი

სასწაულია! როცა გგონია არვის ახსოვხარ და სიყვარული, სულზე მოგისწრებს… სადღაც შორიდან, ათასი სივრცის, სამყაროს მიღმა, უცხო, უცნაურ ყვავილს უყვარხარ… ატყდა ვიშვიში, ჩვენც არ ვიფიქრეთ, ვიღაც გაბრიყვდა და ”უიღბლოთი” მოიხიბლაო, რაღა დროს, მაგისი შეყვარებაა?! არადა იყო, თუმცა ხილვაში… უცხო ყვავილის შორიდან ტრფობა, წამით რაღაცით, სხვა სამყაროში, სამახსოვროდ ჩარჩენილ განცდის სურნელსა ჰგავდა…  

ჯ.გ.

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

*

 *

ჯანრი გოგეშვილის პუბლიცისტიკა:
***
შეხმიანება პროფესიონალ ფიზიკოსთან (ესსე)
***
და ასე შემდეგ...